ახლო აღმოსავლეთის ომის გამო, საქართველოში ტურისტული ნაკადების კლება შიდა ფრენებზეც აისახა. ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერის, ირინა მღებრიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში უცხოელი ვიზიტორების მხრიდან ჯავშნების გაუქმებისა და ბილეთების დაბრუნების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ყოველდღიურად საშუალოდ 7-დან 10-მდე ბილეთი ბრუნდება.
“ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება, წინასწარ ნაყიდი ბილეთის საფასურის დაბრუნებას ითხოვს ბევრი სტუმარი. გვწერენ, რომ უუქმდებათ რეისი და ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ასეთი შემოსულობაა, არ არსებობს დღეში, რომ 7-10 ბილეთი მაინც არ დაბრუნდეს.
განსაკუთრებით ეს არის ევროპელი ვიზიტორების მხრიდან. ამბობენ, რომ ომთან ახლოს არის ჩვენი ქვეყანა. ისრაელიდან ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა. ზოგმა მოითხოვა ბილეთის გადაცვლა, მოლოდინი აქვთ, იქნებ ზაფხულში დალაგდეს ყველაფერი და გამოიყენონ ბილეთები. არადა, წესით ახლა იწყება უკვე ისრაელიდან ტურისტული სეგმენტის აქტივობა მესტიის მიმართულებაზე, ბათუმზეც რა თქმა უნდა", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მესტიის მიმართულებით ავიარეისების დატვირთვა 90%-ს ჩამოსცდა და ასეთი რამ "ისტორიას არ ახსოვს". როგორც "აკ-ეარ ჯორჯიას" ფინანსური მენეჯერი ამბობს, საშუალო წლიური დატვირთულობა 98% იყო.
"ახლა ძირითადად დამოკიდებული ვართ შიდა მობილობაზე, ტურისტული სეგმენტიც არის, მოძრაობენ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ახასიათებდა ამ რეისებს", - აცხადებს "აკ-ეარ ჯორჯიას" ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი.
ცნობისთვის, ავიაკომპანია "აკ-ეარ ჯორჯია" შიდა ფრენებს ახორციელებს, მათ შორის ნატახტარი-მესტია, ნატახტარი-ამბროლაური, ქუთაისი-მესტია, ბათუმი-მესტია, ბათუმი-ნატახტარი.




























