ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომელიც ბოლო წლებში კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის ჩართული, Amazon-ის აქციების გაყიდვას აგრძელებს. როგორც მარეგულირებლისთვის წარდგენილი უახლესი დოკუმენტიდან ვიგებთ, ჯეფ ბეზოსი ბაზარზე 16,354,620 მლნ აქციას გამოიტანს და სანაცვლოდ $3.048 მილიარდს მიიღებს. გამოდის, რომ აქციის საშუალო გასაყიდი ფასი $186.34 იქნება, ანუ დაახლოებით 6%-ით ნაკლები, ვიდრე ახლა.
ამ დროისთვის, ჯეფ ბეზოსი პლანეტის რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $220 მილიარდად აფასებს. ჯეფ ბეზოსის ქონების უდიდესი ნაწილი Amazon-ზე მოდის, რომელიც ამერიკელმა 1994 წელს დააფუძნა. თუკი ადრე, Amazon-ი წიგნების მაღაზია იყო, დღეს პლატფორმა მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიად იქცა. ამასთან, Amazon-ის ჰოლდინგში ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უდიდესი კომპანია AWS-იც შედის, რომელიც ბოლო წლებში, კომპანიისთვის ელექტრონულ კომერციაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.
რატომ ყიდის ჯეფ ბეზოსი აქციებს, თუკი მისი ქონება $220 მილიარდს შეადგენს? საქმე ისაა, რომ მილიარდერების და მილიონერების ქონება, როგორც წესი, მეტად არალიკვიდურია, ანუ ის კომპანიის აქციების, უძრავი ქონების და სხვა მსგავსი აქტივების ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ქონების შეფასება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. თუკი მილიარდერს სურს, სახლი, კერძო თვითმფრინავი, იახტა ან ნებისმიერი სხვა რამ შეიძინოს, ის იძულებული ხდება აქტივები ნაღდ ფულში გადაცვალოს.
ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე ჯეფ ბეზოსმა $13 მილიარდის ღირებულების Amazon-ის აქციები უკვე გაყიდა, ანუ ნოემბრის ტრანზაქციის შემდეგ, ეს რიცხვი $16 მილიარდამდე გაიზრდება. ჯეფ ბეზოსის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება Amazon-ის ბოლოდროინდელ წარმატებას, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციები 32%-ითაა გაძვირებული.