ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი ინოვაციური ქართული პროექტის - Kinderbubu-ს მხარდამჭერი გახდა. როგორც bm.ge-სთან საუბარში პროექტის დამფუძნებელი ბესო შენგელია აღნიშნავს, ჯეფ ბეზოსის კომპანიასთან კომუნიკაციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგად, მილიარდერის კომპანია Blue Origin-ი კომპანია Kinderbubu-ს ადრეული ასაკის საგანმანათლებლო მეთოდის მხარდამჭერია.
"ანბანის შემსწავლელი რიგით მეცხრე წიგნი შევქმენით, სახელწოდებით - „ანბანის ლეგენდა“, რომელიც არის ადრეული ასაკის ეპოქალური საგანმანათლებლო მეთოდი. ამ წიგნში ბავშვი, გარდა იმისა, რომ თვითონ არის უნიკალური თავგადასვლის მონაწილე გმირი, სწავლობს მშობლიური ენის ანბანს. 108-გვერდიანი წიგნი თავისი მრავალფეროვანი ილუსტრაციებით მთლიანად მორგებულია Blue Origin-ის ინტერესებზე.
"ანბანის ლეგენდაზე“ არსებულ კონკრეტულ ილუსტრაციებზე Blue Origin-ის კოსმოსისა და ხომალდების სურათები გამოჩნდება, რომელიც შინაარსობრივად მოერგება თავგადასავლის სცენარს და წიგნს და Kinderbubu.com-ზე განთავსდება Blue Origin-ის ლოგო და საიტი, როგორც პროექტის მიზნის/იდეის მხარდამჭერი", - განაცხადა ბესო შენგელიამ.
წიგნი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცემა და როგორც ის ამბობს, მორგებულია ყველა ბავშვზე - "რაც მთავარია, მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. "ანბანის ლეგენდის“ ფასი, დაახლოებით, 18-20 დოლარი იქნება", - აღნიშნა შენგელიამ.
ინფორმაციისთვის, Kinderbubu არის ინოვაციურ პროექტი, რომელიც პატარებს შესაძლებლობას აძლევს, ზღაპრის გმირებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ. Kinderbubu-ს ვებგვერდის დახმარებით, პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბავშვის სასურველი ფოტო აირჩიოს, რომელიც წიგნში ავტომატურად განთავსდება, რის შემდეგაც ბავშვს საშუალება ექნება, საკუთარი თავი წიგნის გვერდებზე იხილოს.
Kinderbubu-ს ბიზნესპროცესი მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს და 9 ადამიანს ასაქმებს.