მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საკუთარ კომპანიაში წილის შემცირებას და მიმდინარე წლის ბოლომდე 8.6 მილიარდი დოლარის Amazon-ის აქციების გაყიდვას გეგმავს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მან $4 მილიარდის ღირებულების აქციები უკვე გაყიდა.
უკვე გაყიდულია 24 მილიონი აქცია და საერთო ჯამში, დაგეგმილია 50 მილიონი აქციის გაყიდვა, რისი მიზანიც ქონების განაღდებაა. მოგეხსენებათ, ბეზოსი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმეა, რომლის ქონების შეფასება 193 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა ინვესტირებული. შესაბამისად, როდესაც ბეზოსს ქონების განაღდება სურს, ის იძულებულია ვალი აიღოს ან Amazon-ის აქციები გაყიდოს. ამ შემთხვევაში, 60 წლის მეწარმემ სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია.
ზუსტად რაში დახარჯავს ბეზოსი $8.6 მილიარდს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მრავალფეროვანი ინტერესების მქონე პიროვნებაა, რომელიც ერთდროულად ცდილობს კოსმოსის კოლონიზაციას, სამედიცინო ინდუსტრიის განვითარებას და IT-სექტორში რევოლუციის მოხდენას.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრავაგანტურმა მეწარმემ ამ თანხით პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა ან თვითმფრინავი შეიძინოს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მას აქამდეც არაერთხელ მიუღია.
რაც შეეხება უშუალოდ Amazon-ს, ამ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 751 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-6 უმსხვილესი კომპანიაა.