მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა საკუთარ კომპანიაში წილის შემცირების და საფონდო ბირჟაზე 8.5 მილიარდი დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
საერთო ჯამში, გაყიდულია 50 მილიონი აქცია, რისი მიზანიც მილიარდერის ქონების ნაწილის განაღდება იყო. მოგეხსენებათ, ბეზოსი მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი მეწარმეა, რომლის ქონების შეფასება 191 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა ინვესტირებული. შესაბამისად, როდესაც ბეზოსს ქონების განაღდება სურს, ის იძულებულია ვალი აიღოს ან Amazon-ის აქციები გაყიდოს. ამ შემთხვევაში, 60 წლის მეწარმემ სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია.
ზუსტად რაში დახარჯავს ბეზოსი $8.5 მილიარდს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მრავალფეროვანი ინტერესების მქონე პიროვნებაა, რომელიც ერთდროულად ცდილობს კოსმოსის კოლონიზაციას, სამედიცინო ინდუსტრიის განვითარებას და IT-სექტორში რევოლუციის მოხდენას.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრავაგანტურმა მეწარმემ ამ თანხით პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა ან თვითმფრინავი შეიძინოს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მას აქამდეც არაერთხელ მიუღია.
რაც შეეხება უშუალოდ Amazon-ს, ამ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 735 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-5 უმსხვილესი კომპანიაა.