შეფ ლუკა ნაჭყებიას აზრით, ჯეიმი ოლივერი არაა იმ მასშტაბის გასტრო-ინფლუენსერი, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიისთვის მისთვის ₾3 მლნ გადაეხადა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ჯეიმი ოლივერისთვის ₾3.2 მილიონის გადახდის კომენტირებისას განუცხადა.
„შეიძლება ნებისმიერ გასტრო-ინფლუენსერს, რომელიც თვითნებურად ჩამოვიდოდა, უფრო დიდი მოცვა ჰქონოდა tik-tok-ზე ან/და სხვა პლატფორმებზე. ვიდეოები, რომელსაც დაახლოებით 300 000 ნახვა აქვს, უკვე ყოველ მეორე {ინფლუენსერს} აქვს.
ჯეიმი ოლივერი ცნობილი სახეა, მაგრამ მსოფლიოში კულინარიული ავტორიტეტი არაა. არასდროს მიიჩნეოდა და არც ახლა მიიჩნევა... ეგეთი ძალიან ბევრი შეფია ანუ შეიძლებოდა, სხვებში დახარჯულიყო ეს თანხა.
ვიღაცას რომ ეთქვა, ჯეიმი ოლივერი ჩამოვიდა უფასოდ და 100 000 ლარი დაიხარჯა იმაში, რომ ესეირნებინათ და დაეგემოვნებინათ რაღაცები, გასაგები იქნებოდა, მაგრამ... მან თავისებური ხაჭაპური გააკეთა. ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს, რომ ავთენტიკური ხაჭაპური გააკეთოს, რადგან ყველას ავთენტიკური ხაჭაპური უნდა დავამახსოვროთ, თორემ თუ უფლებას მივცემთ ყველას, რომ როგორც უნდათ, ისე გააკეთონ ჩვენი კერძები, ქართული კერძები არასდროს გახდება სტანდარტული“, - განაცხადა ლუკა ნაჭყებიამ.
ამასთან, შეფის აზრით, როდესაც მილიონობით ლარი იხარჯება ტურისტების მოსაზიდად, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს გარემო, სადაც ტურისტებს მოგზაურობა მოუნდებათ.
„ვიხდით კატასტროფულ თანხას იმ კონკრეტულ პირში, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს და ამავდროულად არ ვქმნით ქვეყანაში გარემოს, რომელშიც ტურისტს სიამოვნებს ყოფნა. მუდმივად პოლიტიკური დაძაბულობა და რაღაც სახის არეულობაა ქვეყანაში... შესაბამისად, ვხარჯავთ ფულს, რომელიც არ გადაითარგმნება ნახვის გარდა არაფერში. თან ნახვები არაა მთავარი საზომი“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.
ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერის პროდაქშენ კომპანიასთან 3,228,885 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გააფორმა.
თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები სექტემბერში გამოაქვეყნა. Youtube-ზე მისმა გვერდმა დადო ორი ვიდეო 12 და 9 წუთის ხანგრძლივობით, რომლებშიც ის ქართულ სუფრასა და ხაჭაპურის მომზადებაზე საუბრობს. პირველ ვიდეოს 75 ათასი, მეორეს კი 129 ათასი ნახვა აქვს. Instagram-ზე კი მის პირველ Reel-ს 823 ათასი ნახვა და 25 ათასი ლაიქი აქვს, მეორე Reel-ს 787 ათასი ნახვა და 28 ათასი ლაიქი, მესამე Reel-ს კი 1.2 მილიონი ნახვა და 64 ათასი ლაიქი აქვს.