არმატურის მწარმოებელ "ჯეოსთილს" შემოსავალი გაეზარდა, თუმცა წმინდა მოგება მკვეთრად შეუმცირდა.
კომპანიამ მისი ობლიგაციების მფლობელ ინვესტორებს ნახევარწლიური ანგარიშგება წარუდგინა, რომლის მიხედვით, 2025 წლის 6 თვეში კომპანიამ 146.2 მლნ ლარის ამონაგები მიიღო, 2.98 მილიონით მეტი, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ამასთან, წმინდა მოგება 25.89 მლნ ლარი იყო, რაც 7 მილიონით ნაკლებია 2024 წლის 6 თვის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას წელს პროდუქცია ექსპორტზე არ გაუტანია. გასულ წელს ჯამური ექსპორტი 7.3 მლნ ლარს შეადგენდა. ჯამური რეალიზაცია კი, 2024 წელს ₾264.8 მლნ-ს აღემატებოდა.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო არმატურის წარმოება, ცხლად გლინვის მეთოდითა და სამშენებლო ფოლადის ნამზადის გამოყენებით, რომელიც იწარმოება ელექტრო რკალური ღუმლის მეშვეობით.
კომპანია ფინანსურ ანგარიშში მიუთითებს, რომ 30 ივნისს დასრულებულ პერიოდში გრძელდებოდა არმატურის რაოდენობის სტაბილური გაყიდვები და ჯგუფი აგრძელებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის პროექტებში, მათ შორის მზის პანელებში.
"ჯეოსთილი" 90%-ს Georgian Steel Group Holdings -ს ეკუთვნის, 10% კი JSW Steel-ს.



























