თბილისის საფონდო ბირჟის პლატფორმის ტექნიკური განახლება იგეგმება. როგორც ბირჟის გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, უახლოეს თვეებში პლატფორმას დამატებითი ფუნქციონალები ექნება, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად ივაჭრონ.
გიორგი ამზაშვილის თქმით, ტექნიკური განახლების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ბროკერების აპლიკაციების გამოყენებით წვდომა ჰქონდეთ პლატფორმაზე. როგორც ამზაშვილი განმარტავს, საქართველოს საფონდო ბირჟის ტექნიკური განახლება შეუძლებელია, ამიტომ აქცენტი სამომავლოდ თბილისის საფონდო ბირჟის პლატფორმის განვითარებაზე გაკეთდება.
“ამ ეტაპზე თბილისის საფონდო ბირჟა იყენებს ე.წ Fix პროტოკოლს, რომელიც მონაცემთა მიმოცვლის პროტოკოლია. ეს პროტოკოლი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ყველაზე პოპულარულია. თუმცა ძალიან სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს მისი დანერგვა და ასევე ძვირია მისი მომსახურებაც. ნაკლებად გამოდგება ფართო ჩართულობისთვის, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, მაგალითად საცალო ინვესტორისთვის თითქმის წარმოუდგენელია, რომ Fix პროტოკოლის საშუალებით ჰქონდეთ წვდომა ბირჟაზე.
ამიტომ ჩვენ ამის პარალელურად ვაკეთებთ კიდევ ერთ შრეს, რომელიც რამდენჯერმე გაზრდის წვდომას ბირჟაზე და გააფართოებს აქტიური ინვესტორების ბაზას. ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, ბროკერების აპლიკაციების საშუალებით ივაჭრონ ბირჟაზე. მოგეხსენებათ, ბროკერებს აქვთ აპლიკაციები, რომლითაც ინვესტორებს საშუალება აქვთ, უცხოეთის ბირჟებზე ივაჭრონ. შესაბამისად, ამგვარად იქნება შესაძლებელი თბილისის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაც. ვფიქრობთ, ეს ბიძგი იქნება, პლატფორმაზე უფრო აქტიურად იყოს ვაჭრობა”, - განაცხადა გიორგი ამზაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის თბილისის საფონდო ბირჟაზე უკვე 7 კომპანიის ობლიგაციებია დალისტული. მათ შორის ორი - “საქართველოს ბანკის” და “თეგეტა მოტორსის” ფასიანი ქაღალდები A კატეგორიაშია, 5 კომპანიის ემისია კი B სალისტინგო კატეგორიაში განთავსებული.




























