მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, შემდეგ - ეკონომიკას"|უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა და ბიზნესის კითხვები

მინისტრები

„უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს“ - ასეთი ჩანაწერია კანონში, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება და რომლის მიხედვითაც შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს უფლება ეძლევა, ამ მიზეზით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე „შრომითი საქმიანობის უფლება“ არ გასცეს და შესაბამისად, შრომითი იმიგრანტი ქართულ კომპანიებში ვერ დასაქმდეს.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან, „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. „შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემი უწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება, რომელსაც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს. თავის მხრივ, უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაია BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" აცხადებს, რომ კანონის ამოქმედებამდე მცირე დრო რჩება, თუმცა კომპანიებმა დღემდე არ იციან თამაშის კონკრეტული წესები, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

„შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებთან უცხოელის კვალიფიკაციის და პროფესიის შეუსაბამობა. ძალიან გვაინტერესებს, რას ნიშნავს „ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა“? ასევე, რა დოკუმენტაციაა საჭირო და ვინ და რის საფუძველზე უნდა დაასაბუთოს ამა თუ იმ კადრის დეფიციტი, კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება?! მაგალითად, უცხოელისთვის 10-წლიანი სამუშაო სტაჟი საკმარისი გამოცდილებაა?! თუ შეიძლება ორი წელი მუშაობდა, მაგრამ ჰარვარდი აქვს დამთავრებული და [მისაღებია]?! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დეტალებს და მნიშვნელოვანია ყველაფერი ზუსტად გაიწეროს კანონქვემდებარე აქტებში, რათა ორაზროვნება თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა ასოციაციამ უცხოელთა დასაქმების ახალი წესის შესახებ წევრი კომპანიები საქმის კურსში ჩააყენა, მათგან კითხვებიც მოისმინა და აპირებენ, შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ.

„მივმართავთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან მათ უნდა მიიღონ ეს შესაბამისი აქტი. თუ მათგან არანაირი გამოხმაურება არ იქნება, რა თქმა უნდა, მივმართავთ, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან ეს არის დარგობრივი სამინისტრო, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად დიდ პრობლემას წარმოშობს ბიზნესისთვის ასეთი ღია საკითხები. დღეს ჩვენ არ ვიცით, რა გავაკეთოთ, შესაბამისად, როდესაც არ ვიცით რა გავაკეთოთ, ეს წარმოშობს პრობლემას. ვიმედოვნებთ, კომუნიკაცია წარმატებით ჩაივლის და კანონქვემდებარე აქტში მაინც აისახება ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც ჩვენ დავაფიქსირებთ“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სხვა პრაქტიკული მაგალითების მოშველიებითაც შეეცადა აეხსნა, რატომ შეიცავს ბევრ ბუნდოვან საკითხს უცხოელთა დასაქმების ახალი წესი და რატომ არის აუცილებელი კანონქვემდებარე აქტების 1-ელ მარტამდე გამოცემა.

„დამსაქმებელთა ასოციაციის ერთ-ერთ წევრი დიდი საწარმოა - 1000-ზე მეტი უცხოელია დასაქმებული. ისინი არ არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ინჟინრები. ეს 1000 ადამიანი არის სამუშაო ძალა, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს და დამსაქმებელმა 1000 ადამიანისთვის „შრომითი საქმიანობის უფლება“ როგორ მოიპოვოს, როცა კონკრეტული კრიტერიუმები ჯერ არაა ცნობილი და თან მნიშვნელოვანია, საწარმოს საქმიანობა არ შეფერხდეს.

ასევე, მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ პრობლემურ საკითხად წამოაყენა ის, რომ უცხოელი პარტნიორები, პერიოდულად კომპანიაში აგზავნიან საერთაშორისო აუდიტორებს, რომლებმაც ადგილობრივი მენეჯმენტი შეიძლება ვიზიტამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გააფრთხილონ. უცხოელი აუდიტორები, ფაქტობრივად, ამ კომპანიისათვის მუშაობენ. კანონის ფართო განმარტებით, მათ შორის, მათზეც უნდა გავრცელდეს „შრომის უფლების მოპოვება“, რაც შეუძლებელია, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს 30 დღე აქვს ნებართვის გასაცემად და კომპანიის მენეჯმენტი კიდევ აუდიტორების ვიზიტის შესახებ ერთი ან რამდენიმე დღით ადრე იგებს.

პრობლემები შეიძლება შეექმნათ იმ კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ უცხოელების ჩამოყვანა და დასაქმება საწარმოში სხვადასხვა დანადგარი დაინსტალირებისთვის და ა.შ. მოკლედ, ბევრი ნიუანსია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი კანონქვემდებარე აქტით იქნეს განსაზღვრული“, - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ.

დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, უცხოელთა დასაქმების წესის ცვლილება არაერთ სექტორს შეუქმნის გამოწვევას, ვისაც უცხოელი სამუშაო ძალა სჭირდება, განსაკუთრებით კი, წარმოების სექტორს.

„წერტილის“ წამყვანმა ვახტანგ შურღაიას ჰკითხა, რამდენად წონიანია „ქართული ოცნების“ დეპუტატების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ უცხოელების დასაქმების შეზღუდვით ადგილობრივ შრომის ბაზარს იცავენ. დამსაქმებლების იურისტის თქმით, რომ არა სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა, უცხოელების დასაქმება ბიზნესის ინტერესში არ შედის, რადგან ადგილობრივი კადრის აყვანა ბევრად იაფია.

„როდესაც ადამიანი ჩამოგყავს სხვა ქვეყნიდან, ის უნდა უზრუნველყო საცხოვრებელი პირობებით, დაზღვევით... ამდენად, არასწორია წარმოდგენა, თითქოსდა უცხოური მუშახელი არის უფრო იაფი“, - აღნიშნა მან.

დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ BMG-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა იმის გამოც, რომ უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის შესახებ „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, რის გამოც ბიზნესს საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, ფაქტობრივად, არ მიეცა.

შეგახსენებთ: ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები