მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერ საფრთხის შემცველი ფრაგმენტების მოხსნა იგეგმება, საბოლოოდ კი შენობის სრული დემონტაჟი - ირაკლი ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც სამი დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ერთ ოჯახში მცხოვრები ორი პირი შენობაში თვითნებურად რჩება.

ბენდელიანის თქმით, თბილისი მერია აღნიშნულ ოჯახთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ისინი უსაფრთხოების მიზნით კორპუსი დატოვონ.

„კორპუსის მთლიანი პერიმეტრი შემოღობილია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების დაცული გვაქვს, რათა ადამიანების გადაადგილება არ მოხდეს. თითოეულ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია. მათი უმრავლესობა სასტუმროებშია გადაყვანილი. ორგანიზებულად, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხდება მოქალაქეების ნივთების გამოყვანა იმ ნაწილიდან, რომელიც შედარებით უსაფრთხოა. ერთ ოჯახში შვილი და რძალი უკვე გამოვიდნენ, მშობლები კი კორპუსში რჩებიან. მოლაპარაკება მათთანაც გრძელდება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეს საკითხი გადაიჭრება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კორპუსის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – პირველ ეტაპზე საფრთხის შემცველი ფრაგმენტების მოხსნა იგეგმება, საბოლოოდ კი შენობის სრული დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.

„დემონტაჟი ორ ეტაპად დაიყოფა – ჯერ მოხდება სახიფათო ფრაგმენტების ჩამოხსნა, შემდეგ კი მთლიანად კორპუსის დემონტაჟი. აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება მერიამ უკვე მიიღო. სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. ეს კორპუსი ავარიულად იყო მიჩნეული და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს“, – განმარტა ბენდელიანმა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ როცა შენობაში ადამიანები ცხოვრობენ, შეუძლებელია შემოსაზღვრო პერიმეტრი.

„რამდენჯერმე დაისვა კითხვა, რატომ არ იყო კორპუსის პერიმეტრი ტრაგედიამდე შემოღობილი. წარმოუდგენელია, როცა შენობაში ადამიანები ცხოვრობენ, მთელი შენობის შემოღობვა და მათი შიგნით დატოვება. ფიზიკურად ვერ გამოგვყავდა ისინი, ამიტომაც ვერ გაკეთდა ღობე მთელი კორპუსისთვის“, – თქვა ბენდელიანმა.

ცნობისთვის: 14 ივლისს, საღამოს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო, რომლებიც დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებში [სასტუმროებში] გადაიყვანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები