ქართული კრაფტ ლუდის ლუდსახარში Bayo Brewery ლუდის წარმოების პრაქტიკული კურსების გარდა, თეორიული კურსების ამოქმედებასაც გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიაში ამ დრომდე ორგანიზებული ლუდის წარმოების პრაქტიკული კურსები წარმატებით განხორციელდა და პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 მონაწილის გადამზადება შეძლეს.
„კურსებმა ძალიან კარგად იმუშავა. შარშან, ნოემბერ-დეკემბერში და იანვარშიც გავმართეთ კურსები, რომლებსაც დაახლოებით 30 მონაწილე დაესწრო. ბევრი მათგანი რამდენიმეჯერაც იყო მოსული, ასევე რამდენიმე ახალი თანამშრომელი შევიძინეთ, რომლებმაც ჩვენი კურსი გაიარეს“, - აღნიშნა მარუაშვილმა.
რაც შეეხება ფასს, პრაქტიკული სემინარების საფასური ერთი შეხვედრის შემთხვევაში 150 ლარი იყო. სრული კურსი, რომელიც 12 კვირას მოიცავდა, დაახლოებით 1 500–2 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკული კურსები მოთხოვნის მიხედვით, უკვე აქტიურად ტარდება, ხოლო თეორიული კურსებისთვის ჯგუფების ჩამოყალიბება და დროისა და ღირებულების განსაზღვრა მიმდინარეობს.
„წლის განმავლობაში სასწავლო პროგრამა მთლიანად გადაიხედება. ჩვენი სტუდენტები ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველები არიან, თუმცა მომავალში შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბზე გავაკეთოთ“, - დასძინა მარუაშვილმა.




























