JF Georgia-მ, რომელიც უკვე 11 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ჯამში 50-მდე საერთაშორისო ბრენდს თმის მოვლის, პროფესიონალური ტექნიკისა და სალონურ ავეჯს აერთიანებს, JF Artistic შექმნა - ქართული წარმოება, რომელიც ფრჩხილის მოვლის პროფესიონალურ პროდუქტებზეა ფოკუსირებული.
პროდუქციის შექმნის მიზნებზე, JF Artistic-ის გეგმებსა და წარმოების პროცესებზე "საქმიანი დილას" ეთერში JF Georgia-ს დირექტორმა შოთა ნოზაძემ და JF Artistic-ის თანადამფუძნებელმა ნინა ხუციშვილმა ისაუბრეს.
"ჩვენთვის JF Artistic-ი არ არის უბრალოდ ბრენდი, ეს არის იმ ცოდნისა და გამოცდილები მონეტიზაცია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დავაგროვეთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ ჩვენი კომპანია აერთიანებს 50-მდე საერთაშორისო ბრენდს. ჩვენი მიზანი და სურვილი კი იყო, რომ 50 ბრენდს შორის ყოფილიყო წარმატებული ქართული ბრენდიც და ზუსტად ეს გახდა JF Artistic-ის შექმნის მიზანი.
ბაზარზე მოთხოვნა იყო ხარისხიანი და შესაბამისი ფასის სეგმენტის პროდუქტის მიწოდებაზე. ზუსტად ამან განაპირობა ჩვენი ძალისხმევა, რომ შეგვექმნა ახალი ბრენდი და შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის. ჩვენი წარმოება გვაძლევს საშუალებას, ვაკონტროლოთ ხარისხი და ბაზარს მივაწოდოთ მისთვის სასურველი ფასი", - აღნიშნა შოთა ნოზაძემ.
JF Georgia-ს დირექტორის თქმით, ბრენდი შექმნილია ფრჩხილის მოვლის პროფესიონალებისთვის, სილამაზის სალონებისთვისა და სასწავლო ცენტრებისთვის.
ქართული წარმოების ლაქი, დამფუძნებლისა და წარმოების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებს, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით.
"JF Artistic-ი სრულ ციკლს მოიცავს - იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე. პროცესი იწყება ლაბორატორიაში, სადაც მუშავდება ფორმულები და ირჩევა ნედლეული. შემდეგ ეტაპზე პროდუქტი გადის ტესტირების პროცესს სტაბილურობის, გამძლეობის და ხარისხის მიმართულებით. საკუთარი საწარმოს არსებობა და დამოუკიდებლობა გვაძლევს საშუალებას, სწრაფად ვიმუშაოთ ინოვაციებზე, სწორედ ამიტომ ნებისმიერი პროდუქტი, ფერი ან ტრენდი, რომელიც ბაზარზე ჩნდება, ჩვენ შეგვიძლია მზა პროდუქტად ვაქციოთ და მომხმარებლამდე დროულად მივიტანოთ.
ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ეფექტი, არამედ მომხმარებლის და სპეციალისტის უსაფრთხოება. JF Artistic-ის ნებისმიერი ფორმულა შექმნილია ევროპული რეგულაციების და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ჩვენს პროდუქტში არ შედის მავნე ნივთიერებები - TPO და HEMA, რაც საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების მოთხოვნაა ამ ეტაპზე. ჩვენი პროდუქტები გადის ტესტირებას, შესაბამისად, უსაფრთხოების სრული დაცვით კეთდება ყველაფერი და სტანდარტებით. ჩვენი პრიორიტეტი არის აუცილებლად არა ეფექტი და არა ვიზუალური მხარე, არამედ ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და რეგულაციების სრული დაცვა", - ამბობს ნინა ხუციშვილი.
როგორც პროდუქტის შემქმნელებმა BMG-სთან აღნიშნეს, JF Artistic მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ დარჩება და გეგმაში უკვე არის საექსპორტო ბაზრების ათვისება.
"Made in Georgia - ჩვენთვის უბრალოდ წარმოების ქვეყანა ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, ეს სიამაყეა, დიდი გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობაა, შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს პროდუქტი, რომელიც საქართველოშია წარმოებული.
JF Artistic-ის შექმნის მიზანი არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოს ბაზარი. მისი მახასიათებლების შემადგენლობა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად, აუცილებლად, უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ბრენდს ვიხილავთ საერთაშორისო ბაზარზე და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ კონკურენციას გაუწევს საერთაშორისო გიგანტ ბრენდებს", - ამბობს შოთა ნოზაძე.




























