მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯიჯი ჰაუსმა" პრემიუმ ხარისხის ტუალეტის ქაღალდის წარმოება დაიწყო

ტუალეტის ქაღალდი

საბითუმო სავაჭრო ქსელმა “ჯიჯი ჰაუსმა” პრემიუმ ხარისხის ტუალეტის ქაღალდზე წარმოება დაიწყო. ამის შესახებ BM.GE-სთან სავაჭრო ქსელის დამფუძნებელი გიორგი ბეკურაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც პროდუქცია სავაჭრო ქსელის ფილიალებშია ხელმისაწვდომი. ტუალეტის ქაღალდი მზადდება სერტიფიცირებულ საწარმოში, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიით და ჰიგიენური ნორმების დაცვით.

„პროდუქცია მზადდება შპს ბლანკოსთან თანამშრომლობით და იყიდება ჩვენი ბრენდის ქვეშ. ამ საწარმოო მიმართულების გასააქტიურებლად, 100 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო“, – განაცხადა ბეკურაშვილმა.

მისი თქმით, შეფუთვა აზერბაიჯანში მზადდება, რადგან საქართველოში ხარისხიანი შესაფუთი მასალა არ იწარმოება: „თითო შეფუთვაში არის 32-ცალიანი, 3-შრიანი ტუალეტის ქაღალდი, რომელიც ისეთივე ხარისხისაა, როგორც “სელპაკისა” და “პაპიას” ტუალეტის ქაღალდები. ამჟამად, პროდუქციის გასაყიდი ფასი არის 18.50 ლარი, სააქციო ღირებულება კი, 16.95 ლარი. ფასდაკლებები პერიოდულად განახლდება მომხმარებლისთვის“, – აღნიშნა მან.

ბეკურაშვილის თქმით, ბაზარზე კონკურენტულად დაბალი ფასები კომპანიას პირდაპირი ვაჭრობა და ნედლეულის თურქეთიდან პირდაპირი იმპორტით უზრუნველყოფს, რაც შუამავლების გარეშე წარმოების პირობებთან ერთად პროდუქტის ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სამზარეულოს ქაღალდისა და ჩვეულებრივი სუფრის ხელსახოცების წარმოებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი პროდუქტი შევთავაზოთ ყველა კატეგორიაში“, – დასძინა გიორგი ბეკურაშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ტუალეტის ქაღალდის იმპორტმა $19 მილიონს მიაღწია, რაც 18.6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($16 მლნ). იმპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 9 650 ტონა შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია 2024 წლის 10 თვის 8 165 ტონასთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები