მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯიმი კიმელის შოუ ბრუნდება - რა დაუჯდა Disney-ის გადაცემის შეწყვეტა?

კიმელი

ჯიმი კიმელის იუმორისტული შოუ Jimmy Kimmel Live! ეთერში ჩვეულ დროს ბრუნდება. გადაცემის ნახვა სამშაბათს ღამით (ადგილობრივი დროით 23:35 საათზე) abc.com-ზე ან სტრიმინგ პლატფორმა Hulu-ზე შეიძლება, რომელიც Disney-ის მფლობელობაშია.

მიუხედავად ამისა, ლოკალური ტელევიზიების უმსხვილესი მფლობელის, Sinclair-ის ინფორმაციით, გადაცემას ABC-ის არხებზე საინფორმაციო გამოშვებები ჩაანაცვლებს.

საქმე ისაა, რომ 10 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხარდამჭერისა და კონსერვატორი სატელევიზიო სახის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, ჯიმი კიმელმა პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა პრეზიდენტისა და მისი მომხრეების რეაქციები კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით.

"MAGA-ს (Make America Great Again; ტრამპის ლოზუნგი) დაჯგუფება ძალიან ცდილობს, ყმაწვილი, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, წარმოაჩინოს ნებისმიერ რამედ, გარდა ერთ-ერთი მათგანისა, და აკეთებს ყველაფერს, პოლიტიკური ქულების დასაწერად.

[ტრამპის რეაქცია] არ ჰგავს ზრდასრული ადამიანისას, რომელიც გლოვობს ვინმეს, ვისაც მეგობარს ეძახდა. ის ჰგავს 4 წლის ბავშვს, რომელიც ოქროს თევზს გლოვობს", - განაცხადა მაშინ კიმელმა, რასაც კონსერვატორთა საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ, სამაუწყებლო კომპანიებმა - Sinclair და Nextar - კიმელის გადაცემა ეთერიდან მოხსნეს.

მედიაკომპანიების ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა იურიდიული ექსპერტების, კანონმდებლების, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და სხვა ტოქშოუების წამყვანთა მხრიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კიმელი სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობდა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული.

გადაცემის შეწყვეტას პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდანაც. 17 სექტემბრიდან, როდესაც ჯიმი კიმელის შოუ ეთერში აღარ გავიდა, მაყურებლებმა სოციალურ ქსელებში არაერთი "პოსტი" გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ აუქმებდნენ Disney-ის ონლაინ სტრიმინგ პლატფორმების, Disney+-ის და Hulu-ს გამოწერას.

17-დან 22 სექტემბრამდე The Wolt Disney-ის აქციათა ღირებულება 2.39%-ით დაეცა, რაც, საბაზრო ღირებულებით, თითქმის $5 მილიარდის ეკვივალენტია. ამასთან, უცნობია, ზუსტად რამდენი მომხმარებელი დაკარგეს Hulu-მ და Disney+-მა, თუმცა საუბარი, სავარაუდოდ, ათობით ათას მაყურებელზეა.

აღსანიშნავია, რომ საკითხმა განსაკუთრებული გამოხმაურება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ჯიმი კიმელის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამაც მოითხოვა, რაც მთავრობის მხრიდან მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს როგორც ექსპერტებმა, ასევე თავად კომისიის საბჭოს წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ანა გომეზმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები