მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელებზე სამუშაოებს ასრულებს

ჯივიპი
01.08.24 10:46
67

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - წყნეთის გზატკეცილის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაასრულა.

ჯივიპიმ პროექტში 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განაახლა 2 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები და 0,5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების ქსელი. ასევე, განახლებულ ქსელზე დაამონტაჟა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოაწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს ხვალ, 2 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს, დღის 11:00 საათიდან 3 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

თბილისის ზედა ზონებს: წავკისს, კიკეთს, კოჯორს, წყნეთს, სოფელ ბეთანიას, სოფელ ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

“Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების ინდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა წყნეთის გზატკეცილის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრული განახლება. სარეაბილიტაციო პროექტის ტექნიკური სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 2 აგვისტოს ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.”- გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

წყნეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო სამუშაოებს ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩაატარებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები