მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯო ბაიდენი ამერიკელებს ემშვიდობება — რა თქვა პრეზიდენტმა ბოლო სიტყვაში?

ჯო ბაიდენი

სულ რაღაც ოთხ დღეში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი მის შემცვლელს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შეხვდება, ხელს ჩამოართმევს, ფოტოს გადაიღებს, საპრეზიდენტო ფიცის დადებას მიულოცავს და თეთრი სახლის გასაღებს გადააბარებს. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი რამ, მიღმა ამისა, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება თითქმის 250-წლიანი ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედია. იქ, სადაც დემოკრატიაა, ძალაუფლების გადაბარება ცივილიზებულად, მშვიდად და ხალისიანად ხდება, რადგან მოქალაქეების ნების სასარგებლოდ ქვეყნის მართვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ამერიკელმა შეიძლება აიღოს.

საპრეზიდენტო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტრადიცია წარმავალი პრეზიდენტის მიერ ამერიკელებისადმი პირდაპირ ეთერში მიმართვას გულისხმობს, რაც არც ჯო ბაიდენმა დაარღვია და განვლილ ოთხ წელიწადზე და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. დემოკრატმა პრეზიდენტმა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მართვა პლანეტისთვის ერთ-ერთ ურთულეს დროს მოუწია, ბევრი ისაუბრა ამერიკაზე, როგორც თავისუფალი ადამიანების ერთობაზე და ქვეყანაზე, სადაც შესაძლებელია ყველაფერი, რაც ადამიანს წარმოუდგენია. ჯო ბადენის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია ურყევად იდგა, რაც, მისი თქმით, იმ სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტების დამსახურებაა, რომლებიც ბაიდენის და ჰარისის ადმინისტრაციამ დანერგეს.

"გასული ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი დემოკრატია უდრეკად იდგა. მე კი, ყოველ დღე ვასრულებდი პირობას, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნებოდი იმ დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.

ამ დროს, პარტნიორობა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გამიწია და ერთად ვნახეთ ის გამძლეობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების თანამშრომლებმა პანდემიის დროს გამოიჩინეს, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. ამ ადამიანების გმირობის და ჩვენი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ძალისხმევის დამსახურებით გადავრჩით და არ დავმარცხდით ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო.

დღეს, მილიონობით ამერიკელებს ღირსეული სამუშაო ადგილები აქვთ, ხოლო მილიონობით ანტრეპრენიორი და კომპანია, რომლებიც ახალ ბიზნესებს და ინდუსტრიებს ქმნიან, ამერიკელებს ასაქმებენ და ამერიკულ პროდუქტებს იყენებენ.

ჩვენი ერთიანობით ამერიკული შესაძლებლობების ახალი ეპოქა დავიწყეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ინფრასტრუქტურის განახლების ერთ-ერთი უდიდესი პროგამა დავიწყეთ, რომლის ფარგლებში შევაკეთეთ გზები და ხიდები და უზრუნველვყავით სუფთა წყალი და სწრაფი ინტერნეტი ყველა ამერიკელისთვის.

ჩვენ შევქმენით ნახევარგამტარი, რომელიც ჩემს თითზე მცირე ზომისაა და ახლა, მიკროჩიპების ქარხნებს და სამუშაო ადგილებს ამერიკაში ვაბრუნებთ, სადაც ისინი უნდა იყვნენ, რითაც ათასობით სამუშაო ადგილს ვქმნით.

და ბოლოს, “მედიქეარის” პროგრამის დახმარებით მილიონობით ასაკოვანი მოქალაქისთვის მედიკამენტების ფასი შევამცირეთ. ახლა კი, იარაღის კონტროლის კუთხით გასული ოცდაათი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის მიღებით და ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევების 50-წლიან მინიმუმამდე შემცირებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი შვილების და ოჯახების დასაცავად. ამასთან, ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტში მყოფ მილიონზე მეტ ვეტერანს ზრუნვა და საგანმანათლებლო პროგრამები არ მოვაკელით.

ჩვენ მიერ ერთობლივად გაკეთებული საქმის შედეგების დასანახად დრო უნდა გავიდეს, მაგრამ თესლი ჩადებულია და შედეგებს მომდევნო წლებში სრულად ვიხილავთ. ჩვენს სამშობლოში ჩვიდმეტ მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, რაც ყველაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ ადმინისტრაციის ისტორიაში. ამასთან, ისტორიაში ყველაზე მეტ ამერიკელს უფასო ჯანდაცვის საშუალება მივეცით. საზღვრებს გარეთ NATO გავაძლიერეთ, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას მხარი დავუჭირეთ და ჩინეთთან კონკურენტულ ბრძოლაში ლიდერებად დავრჩით", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელი-ჰამასის დაპირისპირება და ამ კონფლიქტებთან დაკავშირებული ენერგეტიკული კრიზისი, წითელ ზღვაში არსებული ლოგისტიკური სირთულეები და სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა დედამიწამ სწორედ გასული ოთხი წლის განმავლობაში გადაიტანა. ამასთან, არც პანდემიით და გლობალურ ლოკდაუნებით გაუბედურებული რეალობა უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მემკვიდრეობით ერგო.

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიული სახელმწიფოა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი — პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მაგრამ რამდენად ძლიერადაც არ უნდა წარმოაჩენდეს ამერიკული რბილი ძალა ქვეყნის პრეზიდენტს, რეალურად, მას ბევრი რამ არ შეუძლია. თუმცა მიუხედავად ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის პიროვნულ თვისებებს და იმ ვექტორს, რომელსაც ის ქვეყნის და, შესაბამისად, მსოფლიოს განვითარებისთვის ირჩევს. ამგვარად, დიდი ეკონომიკური აღმასვლის, ისევე, როგორც ეკონომიკური სიდუხჭირის პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიწერა, ცხადია, არასწორია.

მიუხედავად ამისა, ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადა კარგ პერიოდად ითვლება კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად და ამ მხრივ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკმაოდ წარმატებული იყო. 2021 წელს, ანუ როცა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი $22.7 ტრილიონი იყო და მომდევნო ოთხ წელიწადში $29.4 ტრილიონამდე გაიზარდა, რაც თითქმის 30%-იანი ზრდაა. საანგარიშო პერიოდში, დაახლოებით ასეთივე ტემპით გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, რომელმაც 2024 წელს $87,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა. ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მკვეთრად შემცირდა უმუშევრობის დონე და ინფლაცია, რომლებიც, ამჟამად, ამერიკაში 4%-ის და 3%-ის ფარგლებში დასტაბილურდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა დიდწილად საფონდო ბირჟაზე არის დამოკიდებული და ამ მიმართულებით, გასული ოთხი წელი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ ამ ზრდის ერთპიროვნულად ჯო ბაიდენისთვის მიწერა, არასწორი იქნება. საქმე ისაა, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, როცა მსოფლიომ პანდემიის დაწყების შესახებ შეიტყო, საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქტივების ღირებულება რამდენიმეწლიან მინიმუმამდე შემცირდა და ის ზრდა, რომელიც მომდევნო წლებში დაფიქსირდა, დიდწილად, სწორედ საბაზო ეფექტით აიხსნება და არა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებით და მათი შედეგებით.

2021 წლის ოცი იანვრის შემდეგ, ანუ როცა ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგა, S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის უდიდეს ხუთას კომპანიას აერთიანებს და ქვეყნის ეკონომიკური ჯანრთელობის განსაზღვრის ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება, 55%-ით გაიზარდა. გაცილებით მაღალი, კერძოდ 65%-იანი ზრდა დააფიქსირა NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა, როცა Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო ამავე პერიოდში 40%-ით გაიზარდა. ეს ზრდა საშუალო მაჩვენებლებს ეფუძნება, რადგან არსებობენ კომპანიები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მეტად იხეირეს. მათ შორისაა ამერიკული NVIDIA, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ პერიოდში 900%-ით იმატა.

ჯო ბაიდენი ხვდება, რომ ზრდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ დააფიქსირა, შთამბეჭფავია, მაგრამ ტექნოლოგიური კომპანიების აღმასვლაში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული ადამიანების მიერ მოხვეჭილ დიდძალ პოლიტიკურ ძალაუფლებაში ის დიდ რისკებსაც ხედავს. როგორც ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა, ამერიკაში ოლიგარქიის უკიდეგანო აღმასვლა შეიმჩნევა, რომელიც დემოკრატიას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხის წინაშე აყენებს. ამ კონტექსტში ჯო ბაიდენს კონკრეტული პირები არ უხსენებია, მაგრამ მარტივად მივხდებით, რომ ის დონალდ ტრამპს და მის მოკავშირე მილიარდერებს, მათ შორის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს გულისხმობს.

"ამაყი ვარ იმით, რაც ამერიკელი ხალხისთვის ერთად მოვახერხეთ და მომავალ ადმინისტრაციას წარმატებას ვუსურვებ, რადგან მინდა, ამერიკა წარმატებული იყოს. ჩემი მოვალეობა შევასრულე და ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი დავიწყე, რადგან მსურს, ხალხმა ჩვენი მაგალითით იხელმძღვანელობს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკა წარმატებულ სვლას გააგრძელებს და ამიტომაცაა, რომ დღევანდელ მიმართვაში მსურს ქვეყანა რამდენიმე კრიტიკული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გავაფრთხილო. ძალაუფლება რამდენიმე უკიდეგანოდ მდიდარი ადამიანის ხელში არის კონცენტრირებული. თუკი ამ ადამიანების მიერ ძალაუფლების გადამეტება არ გაკონტროლდა, შედეგი კატასტროფული იქნება.

დღეს, ამერიკაში ოლიგარქიის უკიდეგანო აღმასვლას ვხედავთ, რომელიც ჩვენს დემოკრატიას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და წარმატების მიღწევის ყველასთვის არსებულ შესაძლებლობებს საფრთხის წინაშე აყენებს. შედეგებს ამისა მთელ ქვეყანაში ვხედავთ და ეს ადრეც გვინახავს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როცა ამერიკელები მძარცველ ბარონებს წინ აღუდგნენ და სამართლიანობა მოითხოვეს. იმ დროს, მდიდრები არ დაუსჯიათ, უბრალოდ აიძულეს, თამაშის წესები დაეცვათ. ვალდებულები ვართ, დღეს იგივე გავაკეთოთ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

ტექნოლოგიების განვითარებით გამდიდრებული ადამიანების პოლიტიკაში გადაბარგების ფაქტის გარდა, ჯო ბაიდენი რისკებს ხედავს თავად ტექნოლოგიური კომპანიების არსებობაში, რომელთაც ის ტექნოლოგიურ-ინდუსტრიულ კომპლექსად მოიხსენიებს. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ ეს კომპანიები არ გაკონტროლდნენ, ხოლო ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩარჩოებში არ მოექცევა, ამერიკა და მთელი კაცობრიობა, შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

"ნათელია, რომ ტექნოლოგიის კუთხით ამერიკა ჭეშმარიტი ლიდერია, რომლის ძალაუფლება უბრალოდ შეუდარებელია. ამერიკა ფლობს ინოვაციის უკიდეგანო წყაროს, რომელსაც ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია. თუმცა ტექნოლოგიის, ძალაუფლების და სიმდიდრის კონცენტრაციის კუთხით იმავე პრობლემას ვხედავთ.

პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის საფრთხეებზე ისაუბრა და გაგვაფრთხილა, რომ ეს არასწორ ადგილას მოქცეული ძალაუფლების საშინელ პერსპექტივას აჩენდა. ექვსი ათწლეულის შემდეგ, ასეთნაირად ვარ შეშფოთებული ტექნოლოგიურ-ინდუსტრიული კომპლექსის შესაძლო აღმასვლაზე, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა საფრთხეში ჩააგდოს.

ამერიკელები ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის ქვეშ არიან, რაც ძალაუფლების გადამეტებას შესაძლებელს ხდის. თავისუფალი მედია საფრთხის წინაშე დგას, ხოლო სოციალური მედია ფაქტების გადამოწმებაზე უარს ამბობს. სიმართლე ტყუილში არის გარეული, რაც ძალაუფლებისა და ფულადი ამონაგებისთვის კეთდება. ვალდებულები ვართ, სოციალურ პლატფორმებს შესაბამისი ფასი გადავახდევინოთ, რათა ჩვენი შვილები, ოჯახები და დემოკრატია ძალაუფლების გადამეტებისგან დავიცვათ.

პარალელურად კი, ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენი და შეიძლება ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა. არაფერი წარმოადგენს იმაზე დიდ შესაძლებლობას და რისკს ჩვენი ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებისთვის და ზოგადად კაცობრიობის მოდგმისთვის. ხელოვნურ ინტელექტს სიმსივნის დამარცხებაც შეუძლია, მაგრამ თუ დაცვის მექანიზმები არ შემოვიღეთ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს უფლებებს, ჩვენს ცხოვრებას და უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე დააყენებს. ვალდებულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი დადებითად იმოქმედებს კაცობრიობაზე. ამ ტექნოლოგიის განვითარების წინა პლანზე თავისუფლების ქვეყანა, ამერიკა უნდა იყოს და არა ჩინეთი", - განაცხადა ჯო ბაიდენმა, როცა აშშ-ის მოსახლეობას უკანასკნელად მიმართა.

ჯო ბაიდენი არის ადამიანი, რომელმაც ისტორია უკვე დაწერა, რადგან ის პლანეტის ყველაზე ექსკლუზიურ კლუბში მოხვდა. ამასთან, ჯო ბაიდენი აშშ-ის ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი იყო და თან, არაერთი ისეთი რამ გააკეთა, რაც ამ დრომდე არცერთ პრეზიდენტს დამართვია. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯო ბაიდენი ისტორიაში შევა, როგორც პრეზიდენტი, რომლის დროს მსოფლიოში ორი ომი დაიწყო. ამ ომების დასრულება, როგორც ჩანს, მის შემცვლელს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუწევს, რომლის წინასაარჩევნო კამპანია, დიდწილად, სწორედ ამაზე იდგა. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე გვაშორებს, ხოლო მის მეორე საპრეზიდენტო ვადას ზუსტად ოთხ წელიწადში შევაფასებთ.

იქამდე კი, ღირს გავიხსენოთ, რომ ტრამპი განსხვავებულია იმითაც, რომ თავის დროს, ბაიდენს გაპრეზიდენტება არ მიულოცა და არც თეთრი სახლის გადაბარების სიმბოლურ ცერემონიალში არ მიუღია მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები