მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯობია უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს“ - ილიაუნის რექტორი

5f89418724f05
ინგა მურუსიძე
16.10.20 10:44
1359
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია აცხადებს, რომ ჯობია უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. ზედანიას თქმით, უნივერსიტეტების რექტორები მის ამ მოსაზრებას ეთანხმებიან.

როგორც ზედანია სოციალურ ქსელში წერს, შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით 19 ოქტომბრიდან სწავლის დაწყება ძალიან საშიში შეიძლება იყოს.

„რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა“, - წერს ზედანია სოციალურ ქსელ Facebook-ში.