ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის მოიტაცეს და შემდეგ, საქართველოში "აირზენას" სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანიის მიერ შესრულებული ჩარტერული რეისები სრულად შესაბამისობაშია კანონთან და რეგულაციებთან.
"ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე მოყვა:
"შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს და ორი დღე თვალახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ოჯახის წევრის დალაპარაკების გარეშე, ყველა წესის დარღვევით. შემდგომ, მოტაცებული პირდაპირ ჩამტენეს "აირზენას" ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში", - განაცხადა ბაჩიაშვილმა დღეს, 29 მაისს სასამართლო პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა "ჯორჯიან ეარვეისის" VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი.
დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

























