მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზში“ შუქრუთის საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტას ურჩევენ

ჯორჯიან მანგანეზი

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანების კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მართავენ, საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი 186-ე დღეა გრძელდება - მოსახლეობის ნაწილი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რაც მათი განცხადებით კომპანიის საქმიანობამ სოფელს მიაყენა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა დედაქალაქში მეოთხე დღეა, რაც პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლა, სადაც შუქრუთელები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - მეთოთხმეტე დღეა, 5 მოქალაქეს პირი აქვს ამოკერილი. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ შუქრუთის აქციის ყველა მონაწილეს საკომპენსაციო თანხები სრულად აქვთ აღებული, რასაც აქციის მონაწილეები უარყოფენ და პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

კომპანიის ადვოკატი განმარტავს, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აქამდე შუქრუთში მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია და მოსახლეობასთან 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმით მათ საავანსო თანხები იმ სამუშაოებისთვის დაურიცხა, რომელიც მომავალში შესაძლოა კომპანიამ ამ ტერიტორიაზე აწარმოოს. გიორგი ყავლაშვილი ირწმუნება, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება კომპანიას შესრულებული აქვს და ამის დოკუმენტური მტკიცებულებებიც არსებობს.

„2020 წელს კომპანიამ სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც ხელს 281 ადამიანი აწერს. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო მათი შენობა-ნაგებობების, მიწის ზიანის შეფასება ორივე მხარის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ. ასეთ აუდიტორულ კომპანიაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შემდეგ ე.წ. მესამე კატეგორიის შენობებთან მიმართებით, რომლებიც ისედაც დაზიანებული იყო და მაღალი მომეტებული რისკის იყო და მათი ეს მდგომარეობა არ იყო დაკავშირებული სამთომოპოვებით სამუშაოებთან, ასეთ შენობებზე გაიცა ზოგან ნაწილობრივი, ზოგან კი სრული საავანსო თანხა.

„ჯორჯიან მანგანეზს“ სოფელ შუქრუთის ამ 281 მოსახლის საცხოვრებლის ქვეშ მოპოვებითი სამუშაობი არ უწარმოებია, ეს თანხა იმისთვის გაიცა, რომ მომავალში როდესაც „ჯორჯიან მანგანეზს“ თავის სამთო-მოპოვებითი გეგმიდან გამომდინარე მოუწევდა ამ ტერიტორიაზე მუშაობა მოსახლეობის ეს ნაწილი, რომელსაც მძიმე პირობები ჰქონდა უკვე დაკმაყოფილებული ყოფილიყო და შემდეგ უკვე იყო საპასუხო პირობა, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა თავად ეწარმოებინა სამთო სამუშაოები.

მთელი ეს პროცედურა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტისგან შედგება: 1. ხელმოწერილი მემორანდუმი, 2. აუდიტორული კომპანიის დასკვნები, 3. თავად მოსახლეობის განაცხადები, საავანსო თანხის ანაზღაურების შესახებ, 4. ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ერთ ასევე მეორე მხარისთვის და 5. კომპანიის მთავარი ფინანსური დოკუმენტაცია გაცემული საავანსო თანხაზე, რაც 13 მლნ ლარზე მეტია“, - განმარტა ყავლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს ამ მემორანდუმის ხელმომწერები საზღვარგარეთ არიან და მემორანდუმი გაყალბებულია ფაქტებისგან მოწყვეტილია.

კითხვაზე - რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს თუ კომპანიამ შეასრულა მემორანდუმის პირობები და მეორე მხარემ არა და პირიქით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადვოკატი ასე პასუხობს ეს პირობებიც მემორანდუმშია გაწერილი.

„მემორანდუმის პირობების დარღვევის შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ საავანსოდ გაცემული თანხის უკან დაბრუნება. კომპანიას ამ სამართლებრივი ინსტრუმენტისთვის დღემდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის, თუმცა მის შესაძლებლობა კომპანიას აქვს“, - აცხადებს ის და იქვე პროტესტის მონაწილეებს მიმართავს: „მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვისაც კომპანიის მიმართ პროტესტი აქვთ, ძალიან მარტივად შეიძლება ამ საკითხების საგამოძიებო ორგანოში ან სასამართლოში გადატანა და ძალიან მარტივად და ჩქარა მიიღებენ ამაზე პასუხს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები