ჭიათურის მაღაროელების მხრიდან კომპანიის მიმართ 14 მოთხოვნის საჯაროდ გაჟღერების შემდეგ 18 დღე გავიდა. მაღაროელთა პროტესტი კი ამ დროისთვის 2 ლოკაციაზე - ჭიათურაში და დედაქალაქში პარლამენტის წინ გრძელდება. 17-დღიანი პროტესტისა და 11-დღიანი შიმშილობის პერიოდის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“.
კომპანიის გავრცელებულ განცხადებას ჭიათურის მაღაროელები BM.GE-სთან პასუხობენ. დასაქმებულები მათ 14-პუნქტიან მოთხოვნებში, ამ მოთხოვნის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ კომპანიამ ახლა ზარალიანი შპს მაღაროელებისთვის გადაცემა გადაწყვიტა.
„ჟურნალისტებისგან შევიტყვე იმის შესახებ, რომ კომპანია დასაქმებულებისთვის მაღაროების გადაცემაზე თანახმაა. მაშინ როდესაც თვითონ კომპანია ამბობს იმას, რომ მისთვის წამგებიანი და ზარალიანი კომპანიაა. ამიტომ თუ კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ სურვილი, დაგვეხმარონ და მოვაგვაროთ ეკოლოგიური კატასტროფები და იყოს ჩვენს საკუთრებაში, მაშინ მთლიანად კომპანია თავისი საშუამავლო კომპანიებით, თავის ყველაფრით გადასცეს სააქციო საზოგადოებას, ხალხს თავის მოგებითა და წაგებით და მერე ამუშავებს ხალხი.
ჩვენი მოთხოვნა იყო, კომპანია გამხდარიყო სააქციო საზოგადოება, ნაციონალიზაცია მომხდარიყო კომპანიის და ამას სულ ვიძახოდით. კომპანია ახლა გვეუბნება, რომ მოგვცემს ერთ ზარალზე მყოფ კომპანიას, თვითონ იქნებიან პროფილის და სამაგრი მასალების შემომტანები, თვითონ მოგვაწვდიან სერვისს და ჩვენ უნდა მივყიდოთ მოპოვებული მანგანუმი მიზერულ ფასად, რომელზეც თავად იძახიან, რომ მანგანუმის გაყიდვა ზარალზე მიდის. ამიტომ „ჯორჯიან მანგანეზი“ უნდა გახდეს სააქციო საზოგადოება, გადაეცეს ხალხს და მართოს ხალხმა. იმიტომ რომ ერთი შპს თუ წაგებაზეა იქ ბევრი პატარა მომგებიანი კომპანიაა, რომლებიც ფარავენ ამ ზარალს. თუ ასეა გადასცენ კომპანია სააქციო საზოგადოებას და მერე ჩვენ დავარეგულირებთ მაგას.
ჩვენი მოთხოვნა რაცაა, ეს არის 14 პუნქტი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 2019 წელსაც დაგვპირდნენ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას, თავიდან ვითომ ასრულებდნენ, მაგრამ მერე გაჩერდნენ და უფრო დიდ ეკოლოგიურ კატასტროფასთან რომ მივედით ისევ გამოვედით და ამოვიღეთ ხმა, რათა ახლა მაინც შევასრულებინოთ 14 პუნქტი, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს. ჭიათურელებისთვის ეს 14 პუნქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი სიმონ მიქაცაძე.
საპროტესტო აქციის მონაწილე აცხადებს, რომ მაღაროელების პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია ჭიათურაში არსებული ყველა სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ პრობლემას სახელმწიფოსთან ერთად არ გადაჭრის.
„კომპანიის ხელმძღვანელი ფასადურ განცხადებას აკეთებს და ამ ყველაფრის უკან არაფერს ასრულებს. ამიტომ სანამ დოკუმენტში არ ჩაიწერება, სანამ შრომის ინსპექცია მაღაროში უსაფრთხოების ნორმებს არ დაარეგულირებს, სანამ გარემოს დაცვის სამინისტროა არ დადებს დასკვნას, რომ ჭიათურაში არის ეკოლოგიური კატასტროფა, დაბინძურებულია მდინარე, წყალი, ჰაერი, მომრავლებულია ონკოლოგიურად დაავადების მაჩვენებელი, 30%-ზე მეტი ონკოლოგიურად დაავადებულები არიან... სანამ ამ დასკვნებს არ დადებენ და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ კომპანიას შეასრულებინონ ვალდებულება არ იყოს ეკოლოგიური კატასტროფა, ღია კარიერული მოპოვება, საიდანაც მანგანუმის მტვერით იწამლება ხალხი და მოხდეს მათი რეკულტივაცია, როდესაც დასრულდება ღია კარიერული მოპოვება. სანამ ამას არ მივაღწევთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, შრომის ინსპექციასთან ერთად, სანამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად არ მივაღწევთ ინფლაციის კანონის ამოქმედებას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიიღებს და ჩვენ დავა არ მოგვიწევს რომ ინფლაციის შესაბამისად აგვიწიოს ხელფასის მომატება. კომპანიამ დაარღვია ადრე არსებული შეთანხმება ხელფასების ინფლაციის შესაბამისად ზრდის შესახებ, რადგან გასულ წელს 11%-ზე მაღალი ინფლაცია იყო, კომპანიამ კი მხოლოდ 5%-ით მოინდომა ახლა ხელფასების მომატება. სანამ კომპანია ამ ყველაფერს არ შეასრულებს ზედმიწევნით და სახელმწიფო არ გახდება ამაზე პასუხისმგებელი, მანამდე ვიქნებით აქ“, - განაცხადა პარლამენტის წინ მყოფმა პროტესტის მონაწილე მაღაროელმა სიმონ მიქაცაძემ.
კიდევ ერთი მაღაროელი არტემ სოფრომაძე კი განმარტავს, რომ დასაქმებულთა აქციებზე გაჟღერებული განცხადებები, ჭიათურა მაღაროელებს დარჩენოდათ, ნიშნავდა იმას, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის ნაწილი ქალაქს მოხმარებოდა და არა იმას, რომ მაღაროები დასაქმებულებისთვის გადაეცათ.
„ჩვენ ეგ საკითხი 14 პუნქტში დაყენებული არ გვქონდა. ჩემი პასუხი იქნება ასეთი - როცა მე რიგითი მუშა, ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებ, ამხელა კომპანიის მართვა რომ შემეძლოს, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი და სხვანაირი პირობები ექნებოდა დღეს ჭიათურას, ასეთ კრიზისულ პირობებში არ იქნებოდა არც მუშა მოსამსახურე და არც ჭიათურა. დაგვიკმაყოფილოს კომპანიამ ის პირობები, რომელიც წამოყენებული გვაქვს.
ჩვენ არ მოგვითხოვია, ჯორჯიან მანგანეზისგან კომპანიის გადმოცემა, აქციებზე გაჟღერებული მოწოდება, რომ ჭიათურელების ყოფილიყო ეს საქმე, გულისხმობდა იმას რომ როდესაც იქ დასაქმებული ხალხზე კისერზე „ჯორჯიან მანგანეზს“ ამხელა თანხა გააქვს ჭიათურიდან, ჭიათურას არ ხმარდება ეს თანხები, რომელი ინვესტორიც შემოვა ჩვენი ქალაქიდან გატანილი ამდენი მილიონის ღირებულების საქონლიდან მიღებული შემოსავალი ცოტა მაინც დატოვოს ჩვენს ქალაქში და ამხელა პრობლემები აღარ იქნება წამოყენებული ქალაქიდან“, - უთხრა BM.GE-ს არტემ სოფრომაძემ.