მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საპროტესტო აქციის მონაწილე მაღაროელების სახელფასო ანაზღაურება? - კომპანიის და დასაქმებულთა პოზიციები

64944ba0b36d9
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 17:45
845
ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მუშები მე-17 დღეა პროტესტს მართავენ, აქედან 11 დღეა პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, 11 ადამიანი ჭათურაში შიმშილობს, ერთს პირი და ერთს თვალები აქვს ამოკერილი. პროტესტის ტალღამ 19 ივნისს ნაწილობრივ თბილისში გადმოინაცვლა, სადაც 21 ივნისს ოთხმა მაღაროელმა შიმშილი დაიწყო. აქციის გადმოტანა დედაქალაქში მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტის მონაწილეების მხრიდან კომპანიების მიმართ წარდგენილი 14 მოთხოვნიდან კომპანიასთან შეთანხმება 13 პუნქტზე შედგა და კომპანია გარკვეული დათმობებისთვის მზად იყო, თუმცა მაღაროელებისთვის საკვანძო მოთხოვნის - ხელფასების 20%-ით ზრდის წინადადება, კომპანიამ არ დააკმაყოფილა და სახელფასო ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 5%-ით შესთავაზა. როგორც პროტესტის მონაწილე მაღაროელები bm.ge-სთან აცხადებდნენ, აქციები მათი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება, რადგან დასაქმებულებს კომპანიის მიმართ იმის ნდობა არ აქვთ, რომ ხელფასის 5%-იანი ზრდის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზი" შესაძლებლობის შემთხვევაში დასაქმებულების ხელფასებს მომავალში გაზრდის.

საშუალოდ რა სახელფასო ანაზღაურება აქვთ საპროტესტო აქციებში მონაწილე მაღაროელებს - დღეს "საქმიანი დილის" წამყვანების პასუხად ამ საკითხზე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, დღეს ჭიათურ მანგანუმის წარმოება ზარალიანია და კომპანია დასაქმებულთა ხელფასების გასტუმრებას მიმდინარე წელს 6 თვის განმავლობაში გაჩერებული წარმოების პირობებშიც კი სხვა შემოსავლების ხარჯზე ახერხებდა. მისივე ინფორმაციით, „ჭიათურ მანგანუმში“ 3 400 ადამიანი საქმდება, საიდანაც 708 მაღაროელი ვახტური - 12-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ვახტურ რეჟიმით მომუშავე მაღაროელებზე 2022 წელს 25.9 მლნ დოლარის ფაქტობრივი სახელფასო ანაზღაურება გაიცა. ლაშა თუთბერიძე იმასაც აღნიშნავს, რომ 2019 წლიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღაროში დასაქმებულთა ხელფასები 118%-ით გაიზარდა და დღეს ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელთა თვეში, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 2 400 ლარს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ კომპანიას ამ ეტაპისთვის 5%-ზე მეტად ხელფასების ზრდის რესურსი არ აქვს.

„ჭიათურაში 3 400 ადამიანი მუშაობს, 708 ადამიანი მუშაობს ვახტურ რეჟიმზე, რაც ახალი რეჟიმია და ახალი მენეჯმენტის პირობებში 2012-2014 წელს დაინერგა და რომელმაც ვერ გაამართლა, ასევე არის ძველი მოპოვებითი სამუშაოები, რომელზეც 1000 ადამიანი დასაქმებული.

ფაქტობრივი მონაცემებით 708 ვახტის თანამშრომელზე 2022 წელს გაცემული ხელფასი 25 მილიონ 900 ათასი ლარს შეადგენს, თუ დასაქმებულებზე და თვეებზე გავყოფთ ამ თანხას, საშუალოდ თვეში 3000 ლარი გამოდის, თუმცა ეს საშემოსავლო გადასახადსაც მოიცავს, ანუ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელთა საშუალო ხელფასი 2 400 ლარი გამოდის“, - განმარტა თუთბერიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოდგენილი რიცხვების გადამოწმებას bm.ge-ი ვახტური რეჟიმით, ანუ 12-საათიანი სამუშაო დროით მომუშავე მაღაროელებთან შეეცადა, რომლებიც დღეისთვის თბილისსა და ჭიათურაში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. როგორც აქციის მონაწილე, მაღაროში ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე ამფეთქებლად მომუშავე ტარიელ მიქაცაძე კომპანიის მიერ გაჟღერებულ ამბობს, რომ მათი საშუალო ხელფასი რომ 2 400 ლარი იყოს, ისინი აქციებს არ გამართავდნენ.

„კომპანიის გენდირექტორი საშუალო ხელფასს ასახელებს და 2 400 ლარს თანამდებობაზე მყოფი პირიც ვერ იღებს, რასაც ცვლის უფროსი ჰქვია. ყველაზე მძიმე სამუშაოების შემსრულებელი გვირაბ გამყვანი იღებს საშუალოდ 1800-1900 ლარს, თვეში 186 საათის მუშაობით. მე პირადად ამფეთქებელი ვარ და 1500-1600 ლარი მაქვს, ჩვენს გარდა კიდევ არიან თანრიგები, რომლებსაც ჩემზე დაბალი ხელფასები აქვთ.

2 400 ლარი რომ გადაგვიხადონ, ჩვენ აქციებს აღარ გავმართავთ. ასე რომ ატყუებენ საზოგადოებას, ამიტომ არ გაგვაჩნია ნდობა კომპანიის მიმართ. უნდათ, რომ ხალხს ფულის მონები ვეგონოთ“, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

BM.GE-მ ჭიათურის მაღაროს პროტესტის მონაწილე მაღაროელებს სახელფასო ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სთხოვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გვირაბგამყვან არტემ სოფრომაძეს მაისის თვეში მაღაროების ამუშავების შემდეგ 1 648.5 ლარი დაერიცხა; ზაზა ტაბატაძეს, რომელიც ასევე გვირაბ გამყვანად 7 საათიან ცვლაში მუშაობს 5 ივნისს 1 377.90 ლარი დაერიცხა; ირაკლი გაბაძეს კი რომელიც მიწისქვეშა მტვირთავი მანქანის მემანქანეა 6 ივნისს 1 714 ლარი დაერიცხა. მიმდინარე წლის სრული ხელფასის მსგავსი ანაზღაურება ჰქონდა 2022 წლის ოქტომბერში ასანიძე გოგას, რომელიც ასევე 12-საათიან ვახტურ რეჟიმით გვირაბგამყვანად მუშაობს. მას გასული წლის ოქტომბერში სახელფასო ანაზღაურება ორჯერადად დაერიცხა პირველად 8 ოქტომბერს 443.68 ლარის, ხოლო საბოლოო ხელფასი 15 ოქტომბერს 1 408.22 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 1852 ლარს შეადგენს;

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელი სიმონ მიქაცაძე ამბობს, რომ კომპანია 1-ელ თებერვლამდე, მანამ სანამ კომპანია სპეციალური რეჟიმით ოპერირებაზე გადავიდოდა, სახელფასო ანაზღაურებას თვეში ორჯერ რიცხავდა.

„ჩვენი მოთხოვნით, რადგან ყველა ჩვენგანს აქვს საბანკო ვალდებულებები, კომპანია ხელფასებს თვეში ორჯერ გვირიცხავდა. პირველი ჩარიცხვა 15-დან 18 რიცხვამდე ავანსად ხდებოდა და ეს ხელფასის 70% იყო, ხოლო მეორე 30% მომდევნო თვის 8 რიცხვამდე ირიცხებოდა. 1 თებერვლიდან, რაც სპეციალური მუშაობის რეჟიმზე გადაგვიყვანეს და ამ დროს ხელფასის მხოლოდ 60%-ს რიცხავდნენ, დარიცხვა ერთჯერადად ხდებოდა. მაისში მუშაობის დაწყების შემდეგ ჩვენ კვლავ მოვითხოვეთ ხელფასის ორჯერადად დარიცხვა, თუმცა გვითხრეს, რომ საკითხს განიხილავდნენ“, - განმარტა BM.GE-სთან სიმონ მიქაცაძემ.

კომპანიის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ქუთათელაძე ადასტურებს, რომ 1-ელ თებერვლამდე, ანუ სპეციალურ რეჟიმზე გადასვლამდე, კომპანია დასაქმებულებს სახელფასო ანაზღაურებას ორჯერადად 70%-ის და 30%-ს ოდენობით თვეში ორჯერ 5 და 25 რიცხვში რიცხავდა. თებერვლის შემდეგ კი რადგან კომპანიამ მოპოვებითი სამუშაოები შეაჩერა ხელფასის 60% თვეში ერთხელ ერიცხებოდათ. მაისში სამუშაოების სატესტო რეჟიმში აღდგენის პირობებში კი სპეციალური რეჟიმი კვლავ გრძელდება და დასაქმებულები ხელფასებს თვეში ერთხელ იღებენ.

„ყველა თანამშრომელს აქვს თავისი კონკრეტული სატარიფო ხელფასი, რომელიც საბაზისო ხელფასია, რომელსაც იღებს თუ შვებულებაში ან ბიუტელენზეა, მაგრამ მუშაობის პროცესში ღამის საათებში მუშაობას ვუკომპენსირებთ +20%-ით, სადღედსასწაულო დღეებში +25%, ზეგანაკვეთურის შემთხვევაში +30%, გადაჭარბების და 50-ლარიანი პრემიები აქვთ, აქედან გამომდინარე ხელფასი დგება ამ პირობებში მუშაობის დროსაც. თუმცა სპეციალური მუშაობის დროს ჩვენ მათ არ ვამუშავებთ ღამის საათებში და სადღესასწაულო დღეებში“, - განმარტავენ კომპანიაში.

დამსაქმებლისა და დასაქმებულთა მხრიდან ხელფასის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმებას BM.GE „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გამოქვეყნების შემდეგ შეძლებს, რომელიც როგორც კომპანიაში აცხადებენ, საჯარო კვირის ბოლომდე გახდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-17, ხოლო შიმშილობის მე-11 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:

1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ცნობისთვის, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები