მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კვლავ ჩიხში ვართ“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ გენდირექტორი მაღაროელებთან მოლაპარაკებაზე

64940c2f7bfbb
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 13:09
753

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის განცხადებით, კომპანია ჭიათურის მაღაროელების დასაქმებულებთან მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ჩიხშია შესული. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ დღეს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო. კომპანიის მიმართ საპროტესტო აქციები გრძელდება, კომპანიის პოზიციაც უცვლელი რჩება, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მანგანუმის წარმოება ზარალიანია და ხელფასების იმ მოცულობით მატება, რაც დასაქმებულების მხრიდანაა მოთხოვნილი (20%), გაჭირდება.

ლაშა თუთბერიძე განმარტავს, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან იმ მდგომარეობის შესწავლაშია, რომელშიც ახლა კომპანია იმყოფება.

„დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა და სახელმწიფო მედიატორის როლს ასრულებს, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდანაც შეთავაზებული იქნა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, რატომ უნდა გადავიდეს მუშაობა 8-საათიან რეჟიმზე, უნდა გადავიდეთ ციკლურ სამუშაო გეგმებზე და არა ტონაჟობაზე. ჩვენი მხრიდან ამის დასაბუთება შემდეგია - შრომის უსაფრთხოების კუთხით რისკები, არათანაბარი მდგომარეობა და კომპანიისთვის არარენტაბელური და წამგებიანი პოზიცია, რაც მადნის გაღარიბებას გულისხმობს. შეთავაზებული იყო მოლაპარაკებების რეჟიმი, ხელფასების 5%-ს მომატება, რასაც დასაქმებულებთან კოლექტიური შეთანხმება ითვალისწინებს. მოლაპარაკებების პროცესში დღეს კვლავ ჩიხში ვართ შესული და მათ პოზიციას ველით.

ორი ვარიანტი გვაქვს - ვნახოთ რა სახსრები აქვს კომპანიას, რისთვისაც უნდა მოვიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტორი და თუ სახსრები არ აქვს კომპანიას, მაშინ ვთქვათ - რა ეკონომიას გავაკეთებთ და ვპირდებით ხელფასების მატებას“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს ჭიათურ მანგანუმის წარმოება ზარალიანია და კომპანია დასაქმებულთა ხელფასების გასტუმრებას მიმდინარე წელს 6 თვის განმავლობაში გაჩერებული წარმოების პირობებშიც კი სხვა შემოსავლების ხარჯზე ახერხებდა. მისივე ინფორმაციით, „ჭიათურ მანგანუმში“ 3 400 ადამიანი საქმდება, საიდანაც 708 მაღაროელი ვახტური - 12-საათიანი რეჟიმით მუშაობს. სახელფასო ფონდი  მთლიანი ხარჯების 60%-ს მოიცავს. გენდირექტორის განცხადებით, ვახტურ რეჟიმით მომუშავე მაღაროელებზე 2022 წელს 25.9 მლნ დოლარის ფაქტობრივი სახელფასო ანაზღაურება გაიცა. ლაშა თუთბერიძე იმასაც აღნიშნავს, რომ 2019 წლიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღაროში დასაქმებულთა ხელფასები 118%-ით გაიზარდა და დღეს ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელთა თვეში, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 2 400 ლარს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ კომპანიას ამ ეტაპისთვის 5%-ზე მეტად ხელფასების ზრდის რესურსი არ აქვს.




შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-17, ხოლო შიმშილობის მე-11 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:

1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ცნობისთვის, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები