მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan Chase-ი გაკოტრებულ First Republic Bank-ს ყიდულობს

644f84677dfe6
გიორგი თოლორდავა
01.05.23 13:25
1310
მსოფლიოს მასშტაბით ფინანსური კრიზისის გამწვავების ფონზე, ამერიკულ საფინანსო ორგანიზაცია First Republic Bank-ს გაკოტრების გამოცხადება ოფიციალურად მოუწია. მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, გაკოტრებული ბანკის აქტივებისა და პორტფელის შეძენით მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JPMorgan Chase-ია დაინტერესებული, რომელმაც შესყიდვის თაობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.

მარეგულირებლის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურების შემთხვევაში, First Republic-ის პორტფელსა და კლიენტებს JPMorgan-ი ოფიციალურად გადაიბარებს. გარიგების ზუსტი მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.

ექსპერტების შეფასებით, JPMorgan-მა, როგორც აშშ-ის ყველაზე გავლენიანმა საფინანსო ორგანიზაციამ, ამ ტრანზაქციით პორტფელის გაფართოების შესაძლებლობაც მიიღო და ქვეყანაც საფინანსო კრიზისის გამწვავებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში JPMorgan-ს არაერთხელ გამოუსყიდია გაკოტრებული ბანკი, რის გამოც მას ხშირად „უოლ-სტრიტის მხსნელის“ წოდებით მოიხსენიებენ.

First Republic Bank-ი წელს გაკოტრებული პირველი ბანკი ნამდვილად არ არის, ბოლო ორი თვის განმავლობაში კოლაფსი განიცადეს SVB-მა, Signature-მა და Silvergate-მაც.

First Republic-ის კოლაფსი ფინანსური შედეგების გასაჯაროებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, პირველ კვარტალში First Republic-ის კლიენტებმა საკუთარი ანგარიშებიდან 105 მილიარდის აქტივები გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო დეპოზიტების მოცულობა 41%-ითაა შემცირებული, ეს კი საგანგაშო მაჩვენებელია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ თვეს რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამ First Repblic-ის გადარჩენა სცადა და მათ $30-მილიარდიანი შეღავათიანი სესხიც გასცეს, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. სხვათა შორის, ამ კომპანიებს შორის იყვნენ: JPMorgan, Wells Fargo, Citi და Bank of America.

საინტერესოა, რომ First Republic Bank-ი სან ფრანცისკოში 1985 წელს დაფუძნდა და მას ამ დროის განმავლობაში არაერთი გამოწვევა გადაულახავს, მათ შორის იყო: 90-ების ფინანსური კრიზისი, dot.com-ის ბუშტი, 2008 წლის კრიზისი და პანდემიაც კი, თუმცა სწორედ 2023 წელი აღმოჩნდა ის დაბრკოლება, რომლის გადალახვაც ამერიკულმა ბანკმა ვერ შეძლო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2021 წელს First Republic-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ერთ დროს ის ნახევარი ტრილიონის აქტივებსაც აკონტროლებდა, ახლა კი ეს მხოლოდ ტკბილი მოგონებებია.

ცხადია, მიმდინარე წლის ფინანსური კრიზისი მხოლოდ First Republic Bank-ის გაკოტრებით არ შემოიფარგლება, სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში შვიდამდე მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის კოლაფსის მომსწრენი გავხდით, მათ შორის იყო შვეიცარიული Credit Suisse-იც, რომელიც მისმა კონკურენტმა UBS-მა 3 მილიარდ ევროდ შეისყიდა, რაც შეიძლება ასეთი ისტორიის მქონე ბანკისთვის სასაცილო ფასად კი მოგეჩვენოთ.

არსებული ვითარება, შესაძლოა, 2008 წლის კრიზისს გვაგონებდეს, მაშინაც სწორედ ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების სისხლი დაიღვარა, თუმცა 2023 და 2008 წლებს შორის ნამდვილად არის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახლა მსოფლიოში არსებული ვითარება არა სპეკულაციური ბუშტის გახეთქვით, არამედ ექსტრემალურად სწრაფად შემსუბუქებული და შემდეგ უკვე არნახული ტემპით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული.

პანდემიის დასაძლევად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთების პრაქტიკულად განულების გადაწყვეტილება მიიღეს. იაფ ფულზე წვდომამ კი სესხებზე მოთხოვნის ზრდა და ვენჩერული კაპიტალის გააქტიურება გამოიწვია. გარდა ამისა, უპრეცედენტოდ მსუბუქმა მონეტარულმა პოლიტიკამ საფონდო და კრიპტო ბირჟებიც რეკორდულად გაზარდა, თუმცა ამ ყველაფერმა, თავის მხრივ, ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია.

მოგეხსენებათ, ცენტრალური ბანკების მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ინფლაცია კი მთავარი მტერია, რომლის წინააღმდეგაც ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკით იბრძვიან.

რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად მსოფლიოს მასშტაბით არნახული ტემპით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, მაგალითად, FED-მა განაკვეთი თითქმის 5%-მდე გაზარდა; ევროპისა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.

კომერციული თუ საინვესტიციო ბანკებისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ასეთი მკვეთრი ცვლილებებია, რასთანაც ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება, ინფლაციასთან შეუპოვრად მებრძოლ FED-ს კი ამერიკის საბანკო სექტორისთვის ამოსუნთქვის საშუალება თითქმის ორი წელის განმავლობაში არ მიუცია, ამ ყველაფერმა კი იმ მძიმე რეალობამდე მიგვიყვანა, რომელსაც ახლა ვხედავთ. იაფიდან ძალიან ძვირ ფულზე სწრაფად გადასვლამ არასათანადოდ მომზადებული ბანკები კოლაფსამდე მიიყვანა და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ჯერაც არ დასრულებულა.



საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები