მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan Chase-ი საბანკო-საფინანსო ხელოვნურ ინტელექტს ქმნის

6474af850a66b
გიორგი თოლორდავა
30.05.23 00:05
1047
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზზე ყოფას განაგრძობს. JPMorgan Chase-ი ამჟამად საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც, შესაძლოა, საფინანსო ინდუსტრია თავდაყირა დააყენოს.

გასულ კვირას ამერიკულმა კომპანიამ ახალი სავაჭრო ნიშნის, IndexGPT-ის დარეგისტრირება მოითხოვა, ხოლო განმარტებით ბარათში ამ ინოვაციური პროდუქტის პოტენციური შესაძლებლობებიც მიუთითა.

JPMorgan-ის განმარტებით, IndexGPT საფინანსო რჩევების დამოუკიდებლად გაცემას, ბაზრების შესწავლას, ფინანსური მონაცემების დამუშავებას, ბირჟებზე არსებული ტენდენციების იდენტიფიცირებას, საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენას, რისკების შეფასებას და საბანკო სერვისების მიწოდებას შეძლებს.

თუკი JPMorgan-ის გეგმები აღსრულდება და ბანკი მართლაც მოახერხებს ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტის შექმნას, ის კონკურენტებთან შედარებით კოლოსალურ უპირატესობას მიიღებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამტკიცებს მის პოზიციას.

„JPMorgan-ის მსგავსი კომპანიები სავაჭრო ნიშნებს გასართობად არ არეგისტრირებენ. უოლ-სტრიტის მგლები ფინანსური მრჩევლების უმუშევრად დატოვებას აპირებენ“, - აცხადებს სავაჭრო ნიშნების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ჯოშ გერბენი.

JPMorgan-ის დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, ბანკი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის განსასაზღვრად. როგორც დაიმონი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი ათასამდე პარამეტრს ითვალისწინებს, რის შემდეგაც ის სტატისტიკური ალბათობის მოდელს აგებს და პროგნოზს აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ი არ არის ერთადერთი ბანკი, რომელიც AI-ის განვითარებაზე მუშაობს, საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-სა და Citi-ს ტექნოლოგიური დეპარტამენტებიც.

ექსპერტების შეფასებით, ის საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ვერ შეძლებს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირებას, კონკურენტებთან ბრძოლაში დამარცხდება; ბაზარზე ყველაზე დიდ უპირატესობას კი ის მოიპოვებს, რომელიც ყველაზე ეფექტიან ხელოვნურ ინტელექტს შექმნის.

ზოგადად, AI-ს განვითარებაზე ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ასამდე კომპანია მუშაობს, თუმცა ამ რბოლაში მოწინავე პოზიციებს Microsoft-ი და Google-ი იკავებენ. ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT სწორედ Microsoft-ის შვილობილ კომპანიას, OpenAI-ს ეკუთვნის, რომელიც ამ ტექნოლოგიის განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს.

ChatGPT-სა და JPMorgan-ის მიერ შექმნილ IndexGPT-ს შორის ის მთავარი განსხვავება იქნება, რომ ფინანსურ ხელოვნურ ინტელექტს გაცილებით უფრო ვიწრო საკვლევი სფერო ექნება, ვიდრე ChatGPT-ს, სპეციალიზაცია კი, როგორც ვიცით, დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით კი საბანკო-საფინანსო საქმეში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ JPMorgan-ი პლანეტის უმსხვილესი საბანკო ორგანიზაციაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქტივების მოცულობა კი 4 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპანიად აქცევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები