ამერიკულმა საბანკო გიგანტმა, JPMorgan-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და $16.5 მილიარდი შეადგინა.
ერთ აქციაზე მოგებამ $5.94-ს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 17%-იანი ზრდაა. ამასთან, ბანკის მართვის ქვეშ არსებული შემოსავალი $50.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 10%-იან მატებას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ტრეიდინგის მიმართულებით შემოსავალმა კვარტალურ რეკორდულ ნიშნულს, $11.6 მილიარდს მიაღწია, ხოლო საინვესტიციო საბანკო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით გაიზარდა.
კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულება პირველ კვარტალში ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. ამ სეგმენტის წმინდა მოგება 30%-ით გაიზარდა და $9 მილიარდი შეადგინა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიუხედავად, კომპანია ფლობს საკმარის კაპიტალსა და ლიკვიდობას, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა კვლავ მდგრადობას ინარჩუნებს, ამიტომ ინვესტორებს სანერვიულო არაფერი აქვთ.
ჯეიმი დაიმონის თქმით, მომხმარებელთა შემოსავლები და ხარჯვის დონე სტაბილურია, ასევე პოზიტიური დინამიკა შეინიშნება საინვესტიციო მიმართულებითაც.
ცნობისთვის, JPMorgan-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივები მოცულობა წელს 16%-ით გაიზარდა და $4.8 ტრილიონს მიაღწია. ამასთან, ბანკმა აქციონერებს დივიდენდის სახით $4.1 მილიარდი გადაუხადა, ხოლო აქციების გამოსყიდვაზე $8.1 მილიარდი დახარჯა.




























