უოლ-სტრიტიდან საგანგაშო ამბები ვრცელდება. მსოფლიოს უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, შანსი იმისა, რომ წელს ამერიკის შეერთებული შტატებში რეცესია დაიწყება — 40%-მდე გაიზარდა. როგორც ბრუს კასმანის ანგარიშში ვკითხულობთ, თუ აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის ინსტიტუტებში და მმართველობის ხარისხში ეჭვს შეიტანს, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
აშშ-ის ეკონომიკასთან მიმართებით ინვესტორების შიშმა თავი მას შემდეგ იჩინა, რაც დონალდ ტრამპმა არამეგობრული და მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ ე.წ. სავაჭრო ომი დაიწყო და სატარიფო პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებების კასკადმა საფონდო ბირჟაზე რყევები გამოიწვია, ხოლო კაპიტალის ბაზრიდან ასობით მილიარდი დოლარი გავიდა. ბოლო ერთ თვეში NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა 13%-ით იკლო, S&P 500 10%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის მაჩვენებელმა 8%-იანი კლება დააფიქსირა.
როგორც Reuters-ის მიერ აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გამოკითხული ეკონომისტების 95% ამბობს, რეცესიის ალბათობა სწორედ დონალდ ტრამპის ქმედებებმა გაზარდა. ასეთივე დასკვნა გამოდის JPMorgan-ის ანგარიშიდან, რადგან წლის დასაწყისში, რეცესიის ალბათობას ბანკი 30%-ით აფასებდა. ნეგატიური პროგნოზი აქვთ Goldman Sachs-ის და Morgan Stanley-ის ეკონომისტებსაც, რომელთაც აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.7%-მდე და 1.5%-მდე შეამცირეს. JPMorgan-ის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება.
მსოფლიოს უდიდესი ბანკის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, თუ დონალდ ტრამპმა ჩინეთის, კანადის, მექსიკის და ევროკავშირის მიმართულებით საპასუხო ტარიფებიც დააწესა, რეცესიის ალბათობა 50%-იან მაჩვენებელს გადააჭარბებს. ტარიფების გარდა, აშშ-ის მიმართ ინვესტორების განელებულ ინტერესს პრეზიდენტის და კაბინეტის წევრების მმართველობის პოლიტიკური სტილიც განაპირობებს. საბოლოო ჯამში, რეცესიის ალბათობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი — ქვეყანაში არსებული გაურკვევლობაა.