ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
მათ შორის საუბარია პატიმრობაში მყოფი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაზე, ვასილ მხეიძეზე და ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. კერძოდ, ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს.
მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























