საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 434 470 ლარია.
სააგენტო წერს, რომ აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს ინტერიერის კონსერვაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტაძრის სტრუქტურული მდგომარეობის გაუარესება და შეუქცევადი დაზიანების საფრთხე.
აღსანიშნავია, რომ კონსერვაციის პირველი ფაზა აშშ-ის საელჩომ 100,000 დოლარით დააფინანსა და იგეგმებოდა მომდევნო ფაზის დაფინანსება.
ტაძრის ინტერიერის დაზიანებები მოიცავს ქვის გალევას (ეროზია, ფრაგმენტაცია), დუღაბის გამოქარვას, აგრეთვე მცირე (0.6 მმ-მდე) და დიდი (1-2 სმ-მდე) ბზარებს, რომლებიც რამდენიმე მეტრზე ვრცელდება.
შესყიდვის მიხედვით, ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება 2026 წლის განმავლობაში. შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული თვე.
დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს:
- ტაძრის ინტერიერის ქვის მთლიანი ზედაპირის გასუფთავება, დამუშავება/კონსოლიდაცია.
- ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლის მხატვრობის შენარჩუნებისათვის გადაუდებელი/პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოები.
- სარკმლების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი/პრევენციული სამუშაოების ჩატარება.
- მაკრობზარების, მიკრობზარების, ნაკერებისა და ქვებსშორის გამოფიტული სივრცეების ამოვსება/ინექტირება.
- იატაკის ქვის ნაკლულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
უწყებისვე ცნობით, ვინაიდან ჯვრის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია, მიზანშეწონილია სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოფილი იყოს ტაძრის მდგომარეობის დროული გაუმჯობესება.
სააგენტოს ინფორმაციით, კონსერვაციული სამუშაოების შესყიდვის საჭიროება 2025 წლის მაისში დადგა. 2025 წლის 29 მაისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე), რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
სატენდერო პროცედურების დროს გამოიკვეთა, რომ მაღალპროფესიონალი და შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალის მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტის ჩაშლის თავიდან ასაცილებლად. ელექტრონული ტენდერის განმეორებით გამოცხადება საჭიროებს დამატებით 30-40 დღეს, რამაც, უარყოფითი შედეგის განმეორების რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა სამუშაოების დაწყების პროცესი მნიშვნელოვნად გააჭიანუროს. ამან, ტაძრის სტრუქტურული მდგომარეობის გაუარესების საფრთხესთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს პროექტის ჩაშლა ან შეფერხება.


























