სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-მა სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort-ის 27%-იანი წილი იყიდა.
აღნიშნულ გარიგებაზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ KA Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ ისაუბრა.
ვიდრე Quadrum-ის თანამფლობელი გახდებოდა, KA Group-ი 21-ნომრიანი ბუტიკ-სასტუმროს მმართველი კომპანია იყო. როგორც ირაკლი ჭიღლაძემ თქვა, Quadrum-ის 27%-იანი წილი ₾1.5 მილიონად შეიძინა.
ბიზნესრეესტრის თანახმად, სასტუმროს მფლობელი შპს "ბარაკონია", რომლის საკონტროლო პაკეტი (57%) ეკუთვნის კონსტანტინე ლუსინიან-რიჟინაშვილს, 27%-ის მფლობელი უკვე KA Group-ია; 12%-ის მესაკუთრეა ირაკლი ერისთავი, ხოლო 5% გიორგი ბაზღაძეს ეკუთვნის.
ირაკლი ჭიღლაძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი კომპანია თავის პორტფელში არსებული სასტუმროს თანამესაკუთრე გახდა.
"როდესაც სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „კა ჯგუფმა“ ფუნქციონირება დაიწყო, მისი საწესდებო კაპიტალი აბსოლუტურად ნული ლარი იყო. დღეს 12 სასტუმროს ვმართავთ და ეტაპობრივად მოვედით აქამდე. Quadrum-ის წილის შეძენა ბიზნესის განვითარების ახალი, ლოგიკური ეტაპია, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
როგორც KA Group-ის დამფუძნებელმა განმარტა, 21-ნომრიანი სასტუმროს მფლობელებისთვის ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიაა, ხოლო მმართველი კომპანიისთვის - პარტნიორებთან ურთიერთობის ახალი გამოცდილება.
"Quadrum-ი 21-ნომრიანი სასტუმროა. „კა ჯგუფის“ განვითარების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა დამდგარიყო მომენტი, როცა ამ სასტუმროს მართვას უბრალოდ ვერ შევძლებდით და დავემშვიდობებოდით. ამ ნაბიჯით არსებულმა მფლობელმა გაიმყარა გარანტია, რომ „კა ჯგუფი“ მისი ფუნქციონირების მანძილზე მუდმივად იქნება ამ სასტუმროს მმართველი.
მეორე მხრივ, ჩვენ ამ ბაზარზე 10 წელზე მეტია ვართ, თუმცა აქამდე არასდროს გვქონია შემთხვევა, რომ რომელიმე სასტუმროს თანამფლობელები ვყოფილიყავით. ძალიან მაინტერესებს - როდესაც საკუთრებაც ჩვენია, ეს რა გავლენას მოახდენს ბიზნესზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან (ტურისტული კომპანიები, ტუროპერატორები) და მოჰყვება თუ არა ამას მკვეთრი ზრდა“, - აღნიშნა ჭიღლაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ Quadrum-ში კომპანიამ 27%-იანი წილი შეიძინა, ირაკლი ჭიღლაძე განმარტავს, რომ სამომავლოდ, უფრო 10–20%-იანი წილში შესვლაზე გააკეთებენ აქცენტს. ამასთან, მიმდინარე წელს მსგავსი მსხვილი ინვესტიცია აღარ იგეგმება.
"როგორც მენეჯმენტ კომპანიისთვის, მილიონნახევრიანი ინვესტიცია ჩვენთვის მაქსიმუმი იყო, შესაბამისად, 2026 წელს მსგავს ნაბიჯს აღარ ვგეგმავთ. გარკვეულ სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ, თუმცა წელიწადში ერთი სასტუმროს წილის დამატებაც ძალიან საინტერესო განვითარება იქნება. სასტუმროებს, რომლებსაც ვმართავთ, შიდა სამზარეულოდან ვიცნობთ და ვფიქრობთ, რომ ის დინამიურად, ბევრი წლის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, 10–15%-იანი წილის ქონის სურვილი ყოველთვის გვექნება“, - დასძინა მან.
ამასთან, "წერტილთან" ინტერვიუში სასტუმროების ბაზარზე არსებულ ჭარბ მიწოდებასა და კონკურენციაზე საუბრისას, ირაკლი ჭიღლაძემ აღნიშნა, რომ მფლობელების მხრიდან მართვის პროფესიონალური კომპანიებისთვის გადაცემა სრულიად ლოგიკური და აუცილებელი ტენდენციაა.
მისი თქმით, მმართველი კომპანიის აყვანას რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს:
ხარჯების ოპტიმიზაცია: ცალ-ცალკე გაყიდვების, მარკეტინგისა და რეზერვაციების მენეჯერების დაქირავება შრომითი ხელშეკრულებებითა და გადასახადებით ბევრად ძვირი ჯდება.
დროის ეფექტიანობა: ტუროპერატორებსა და კორპორატიულ სეგმენტს ურჩევნიათ ერთ მმართველ კომპანიასთან იკომუნიკონ 12 სასტუმროს პირობებზე, ვიდრე თითოეულთან ცალ-ცალკე.
მომხმარებელთა ლოიალობა: სტუმრებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით ჯგუფის მართვაში არსებულ ყველა სასტუმროში.
"2017–2018 წლებამდე ასეთი სასტუმროების მენეჯმენტკომპანიები ბევრი არც იყო და არც პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ბაზარზე მოთხოვნა არ არსებობდა. შემდეგ სასტუმროების განვითარებამ და ოთახების ფონდის გაზრდამ ავტომატურად მოიტანა ასეთი კომპანიების აუცილებლობა. დღეს უკვე 10-მდე მენეჯმენტკომპანიას ვიცნობ, რომელთაც რეკომენდაციას გავუწევდი - ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ეს არის ლოგიკური პროცესი და ბაზარი სწორედ ასე უნდა ვითარდებოდეს“, - განაცხადა KA Group-ის დამფუძნებელმა.



























