მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კადრების დეფიციტი განსაკუთრებით იმ პერიოდში იგრძნობა, როდესაც სამუშაოები აგროვადებშია მოსასწრები" - დიანა ბერია

64a946de2c14d
ლიკა გურაბანიძე
08.07.23 23:00
765
“აგრო სოლუშენს ჯგუფი” დირექტორი დიანა ბერია აგროსექტორში კადრების დეფიციტს ხედავს. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, პროფესიონალი კადრების გარდა, სექტორს ზოგადად მუშახელის მოძიების პრობლემა აქვს. ხოლო, აგროსფეროს რაოდენობრივად ბევრი მუშახელის ყოლა განსაკუთრებით სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აგროვადებში მოსასწრები სამუშაოებია შესასრულებელი.

“ყველაზე მეტად კადრების დეფიციტი იმ პერიოდში იგრძნობა, როდესაც სამუშაოები აგროვადებშია შესასრულებელი. დასავლეთ საქართველოში მოსავლის აღება ახლა იწყება და მაგალითად, სანამ თხილის მოსავლის აღება დაიწყება, წინასწარ მოვლითი სამუშაოებია განსახორციელებელი, რომლისთვისაც, ბუნებრივია, გარკვეული რაოდენობის მუშახელია საჭირო. ფერმერები ყოველთვის კადრების დეფიციტის პრობლემას აწყდებიან და აქ საუბარი კვალიფიციურ კადრებზე აღარ არის, აქ ლაპარაკია არაკვალიფიციური მუშახელის რაოდენობაზეც. ხშირია შემთხვევები, როდესაც სამუშაო ძალის ტრანსპორტირება დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ან პირიქით უწევთ, რათა სამუშაოები შესრულდეს.” - განმარტა ბერიამ.

რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, მისი თქმით, აგრომიმართულებით სამუშაო დაბალანაზღაურებადი არ არის.

“ჩვენ რაოდენობრივად არ გვყავს ის მუშახელი, ვისაც ამ ანაზღაურებას შევთავაზებთ. შესაძლოა, კვალიფიციური კადრი ეწოდოს აგრონომსაც, აგროინჟინერსაც, რომლის ანაზღაურება დღის ჭრილში არის 100 დოლარი, ან შესაძლოა მეტიც. მაგრამ ის მუშახელი, რომელიც უბრალო ოპერაციებს ასრულებს ბაღში, მკრეფავია, ან გასხვლით ღონისძიებებს ასრულებს, მათი ანაზღაურება 50 ლარიდან 100 ლარამდეა.” - აღნიშნა “აგრო სოლუშენს ჯგუფი” დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები