კაფეების ქსელი „კერია“ ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.
ნუცა გოგოლაძის თქმით, ბაკურიანი ქსელისთვის პირველი ქალაქგარე ფილიალი იქნება. რაც შეეხება ინვესტიციას, ის საბანკო კრედიტით განხორციელდება.
„კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ჩვენ ახალ ფილიალს ვხსნით, ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტია ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გვქონდეს, ვამატებთ ფილიალებს და ჩვენი მომხმარებელიც მატულობს. რაც შეეხება პანდემიის გავლენას, ჩვენი ბრუნვა განახევრდა, პრობლემაა ისიც, რომ თანამშრომლების აქტიური გადინებაა“, - აღნიშნავს ნუცა გოგოლაძე.
ცნობისთვის, კაფეების ქსელი „კერია“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია თბილისში 9 ობიექტს ფლობს.