კაკაოს წარმოება გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ფერმერები კაკაოს ხეების დარგვის მიზნით, ხშირად, არსებულ ტროპიკულ ტყეებს ჩეხენ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ეკოსისტემას. როგორც კოტ-დ’ივუარში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაცია „თემის განვითარებისა და ტყის კონსერვაციის ინიციატივების ასოციაციის“ (IDEF) გამოძიებით დადგინდა, კაკაოს მოყვანის მიზნით ტყეების მასობრივი ჩეხის შემთხვევები ლიბერიაშიც ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ კაკაოს მარცვლების მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი კოტ-დ’იუვარია, თუმცა მხოლოდ ამ ერთ ინდუსტრიაზე დამოკიდებულების გამო, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა: მასობრივი დეფორესტიზაციის და ქიმიური სასუქების გამო ნიადაგი შესუსტებულია, მწარმოებლებს კი ახალი ტერიტორიების მოძიება უწევთ. ამიტომაც კაკაოს პლანტაციების გასაშენებლად ფერმერებმა ლიბერიის რესპუბლიკა აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ტყის ჩეხა უკანონოა.
IDEF-ის ანგარიშში კაკაოს წარმოების გამო ლიბერიაში გაუტყეურების “მასობრივი” დონე დაფიქსირდა. მხოლოდ გრანდ გედეს რეგიონში, 2020 წლიდან, თითქმის 500 000 ჰექტარი ტყე გაიჩეხა და კაკაოს პლანტაციებად გადაკეთდა. ანგარიშში მხოლოდ გარემოზე მიყენებული ზიანი არ იყო ნაჩვენები. გამომძიებლებმა ხაზი გაუსვეს ადამიანებით ვაჭრობის, ექსპლუატაციისა და ბავშვთა შრომის მზარდ ტენდენციებსაც. ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ კაკაოს წარმოებაზე მუშაობს.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა, რომელიც კაკაოს უმსხვილესი იმპორტიორი და შოკოლადის მთავარი მწარმოებელია, 2023 წელს დეფორესტიზაციის რეგულაცია მიიღო, რომელიც ბლოკის მასშტაბით ისეთი პროდუქტების რეალიზაციას კრძალავს, რომლებიც ტყეების ჩეხას უწყობს ხელს - მათ შორის, კაკაოსთან ერთად, ყავა, პალმის ზეთი, საქონლის ხორცი და სხვა პროდუქტები შედის.
ევროკავშირის აღნიშნულ რეგულაციას შეუძლია, აფრიკის კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში დეფორესტიზაციის შემცირებას შეუწყოს ხელი, თუმცა მისი ძალაში შესვლა 2026 წლის დეკემბრამდე გადაიდო, რასაც კვლევის ავტორები “უკიდურესად შემაშფოთებლად” მიიჩნევენ.
IDEF-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროპას ტყეების გადარჩენაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა რეგულაციის მიღებას აჭიანურებს.




























