საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს „ატკატების“ აღებისთვის ბრალი წარუდგინეს. საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებით, კახა გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
„მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. "ატკატებს" იღებდა.
ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს კახა გვანცელაძე 2017 წლიდან 2023 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ დღეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი 4 ეპიზოდში ქრთამის აღების ფაქტზეა ბრალდებული, აქედან 2 ენერგოპროექტს, ერთი გაზმომარაგების პროექტს, ხოლო ერთი ქოლცენტრების საქმეს ეხება. ლილუაშვილს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























