საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, მან ვერ მოისმინა ოპონენტებისგან საფუძვლიანი არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე.
„ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა - ასე შევაფასებდი. რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რა შეფასებასაც ვისმენ, არის „რუსული“. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებიც ასევე ორმაგ სტანდარტს შეიცავს.
„კანონპროექტის ერთადერთი მოთხოვნა არის გამჭვირვალობა. ცხადია, რომ მათ არ სურთ კანონის მიღება იმიტომ, რომ გამჭვირვალობა არ არის მისაღები მათთვის. კონკრეტული ევროპარლამენტარები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, იმიტომ, რომ ე.წ. დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, პოლარიზაციის გაღრმავებას. ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, უნდა შევამციროთ დაპირისპირება და დავათბოთ ურთიერთობები, მეორე მხრივ კი აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გადასულები არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღვივებაზე, სიბინძურეზე. თუ კი რამე ბოროტება არსებობს, თუ კი რამე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოს, ამას აფინანსებენ და არ უნდათ, ეს გახდეს თვალსაჩინო და საჯარო ყველასთვის. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ამას გვიფუთავენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ის სამარცხვინო განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, იმ პრინციპებზე, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია - ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა - ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფეხქვეშ იყო გათელილი და ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მაშინ გვაჯერებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი იყო „დემოკრატიის შუქურა“. - განაცხადა კახა კალაძემ.