მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: იპოდრომი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, იპოდრომთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, იპოდრომი არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მასზე ფონდი ქართუ ახალ პარკს აშენებს.

"რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“,  ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს  პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც შეთანხმებული პროექტის  სახით  განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობის პროექტი თბილისის მერიამ და “ფონდმა ქართუმ” 2021 წლის ივნისში წარადგინეს. ახალი პარკი 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

საქმე ისაა, რომ 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცვლილება, რომლითაც შებრუნდა აგვისტოში დადებული ხელშეკრულება იპოდრომთან 80,000 კვადრატული მეტრის “ქართუ ფონდის” მიერ “ნეო სითი დეველოპმენტზე” ნასყიდობის შესახებ. საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ ახალი ცენტრალური პარკის ტერიტორიის მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე მდებარეობს.

BMG-სთან საუბარში “ნეო სითი დეველოპმენტის” დამფუძნებელმა მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა, რომ მისი კომპანია იპოდრომის მიმდებარედ უძრავი ქონების შესყიდვას არც გეგმავდა და უბრალოდ ამ მიწის ნაკვეთების გადაფორმება მოხდა იმ უძრავ ქონებასთან ერთად, რომლებიც კომპანიამ გმირთა მოედანზე შეიძინა, ახლა კი რეესტრში შევიდა შესწორება და მათ მხოლოდ დარჩათ ის ნაკვეთები, რომლებიც გმირთა მოედანზე მდებარეობს.

“არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიყიდეთ მხოლოდ ლაგუნა და ლაგუნაზე იყო საუბარი. თავად ქართუ ფონდს ეს ორი პროექტი ჰქონდა ერთად დარეგისტრირებული და ასე მოხდა გადმოცემა, მაგრამ იპოდრომი იყო აქამდეც ფონდის საკუთრებაში და დარჩა ფონდის საკუთრებაში. იპოდრომი არ მიყიდია. მხოლოდ ლაგუნა გადმოდის ჩვენთან,”- განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.

უცვლელია გმირთა მოედანზე არსებული 42,500 კვადრატული მეტრის გაყიდვის გარიგება. მხარეებმა ხელშეკრულება რეესტრში 2023 წლის აგვისტოში დააფიქსირეს, რის შედეგადაც, ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ დაფუძნებულმა კომპანია “კოსტავას 69”-ამ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამ მიწაზე ივანიშვილის კომპანია ” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა. BMG-სთან საუბარში მარიკა ვერულაშვილი ამბობს, რომ ისინი სწორედ ამ პროექტის განვითარებას გეგმავენ და მშენებლობას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი გენერალური გეგმა დამტკიცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები