მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: პოლიცია დაიცავს ყველას, იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე

კახა კალაძე: პოლიცია დაიცავს ყველას, იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე
BM.GE
31.07.23 14:58
220

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მთავარია, ყველამ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია.

ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა.

„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და იცავს საქართველოში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს.

„საქართველოს პოლიცია კანონის ფარგლებში დაიცავს ყველას - ეს იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს პოლიციას. ისინი ყოველთვის დგანან მშვიდობის სადარაჯოზე. თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დღეს საქართველოში მეორედ შემოვიდა, პირველად ის ბათუმის პორტში 27 ივლისს გამოჩნდა. მოსახლეობამ მაშინაც და დღესაც რუსების შემოსვლა ადგილზე გააპროტესტეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE სანქცირებული არ არის. კერძოდ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები