დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში ცუდი არაფერია, რადგან მთელი მსოფლიო ამისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება საქართველომ ჩინეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება შეცვალოს, კახა კალაძის თქმით, რაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იქნება უკეთესი, სახელმწიფო იმ ნაბიჯებს გადადგამს.
„მთელი მსოფლიო იმისკენ მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული და მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობა დაამყაროს. ცუდს რატომ ხედავთ იმაში, რომ თუნდაც ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება და ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება? მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს. თუკი ვინმე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი იყო, ყველა ჩაყვანილი ჰყავდა ტრამპს ჩინეთში ვიზიტის დროს.
ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაიზარდოს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი წლიურად 145.7%-ით გაიზარდა. ეს ქვეყანა რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის, ხოლო რიგით პირველი თუ მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებს შევხედავთ. ამ ქვეყანაში ექსპორტის ძირითად ნაწილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე სპილენძის მადნები და კონცენტრატები შეადგენდა. ზრდის ძირითადი ნაწილი სწორედ ჩინეთში ნავთობპროდუქტების $62-მილიონიან ექსპორტს უკავშირდება.
რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი მესამე ადგილზეა, საიდანაც წელს 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 850 მლნ დოლარი შეადგინა მიმდინარე წლის ხუთ თვეში.




























