დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც რეკრეაციული პარკის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს, საცხოვრებელი კორპუსების აშენება არ იგეგმება - ამის შესახებ კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილის ბრიფინგის შეფასებისას ისაუბრა. ელისაშვილი აცხადებს, რომ რეკრეაციული პარკის მშენებლობა გაჭიანურებულია და მის ნაცვლად "16 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივა მივიღეთ".
"იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, ეს ეხება თამარაშვილის ქუჩას. იპოდრომს რაც შეეხება, ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აკეთებს პროექტის სახით. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტის განხორციელებას, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ სივრცის მოწესრიგებას ყველანაირად", - აცხადებს კახა კალაძე.
კითხვაზე, რა ვადებთან არის დაკავშირებული სამუშაოების დასრულება, მერი აღნიშნავს, რომ სამუშაოები "მასშტაბური ტემპით" არ მიმდინარეობს, თუმცა პროცესი, მათ შორის პროექტში ცვლილებების შეტანის კუთხით, გრძელდება.
"სამუშაოები მიმდინარეობს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა პროექტში, ამაზე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია. საუბარი იყო მოსახლეობის მხრიდან თხოვნაზე, რომ გარკვეული სივრცეები არ გაკეთებულიყო, მაგალითად იაპონური და ფრანგული ბაღები და უფრო მდელოებს დათმობოდა სივრცეები. ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია, ჩასწორებებია პროექტში, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, შეიძლება ისე მასშტაბური ტემპით არა, მაგრამ პროცესი მიდის", - განაცხადა კახა კალაძემ.
იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობაზე საუბარი 2021 წლიდან მიმდინარეობს. ცნობილია, რომ პარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი "ქართუ" ახორციელებს.