ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
"კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს როგორც კახეთში, ისე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია თანამედროვე ტექნიკური სტადიონების მოწყობა, რასაც მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები - მათი პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წელსვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები დაემატება. ეს ინფრასტრუქტურა რეგიონების მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, სრულფასოვნად ისარგებლონ იმ სერვისებითა და პირობებით, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მთავრობა ასეულობით მილიონ ლარს დებს", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელ სივრცეებს.

პარალელურად, ვაჩნაძიანში მიმდინარეობს ახალი, 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. ახალ სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. სკოლაში განთავსდება სამედიცინო კაბინეტი, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, ასევე, შიდა და გარე სპორტული სივრცეები. პროექტი ითვალიწინებს მოზარდების საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უზრუნველყოფს მათ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალი სკოლის მშენებლობის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, ზაფხულში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. ახალი, თანამედროვე სკოლა 800 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს განათლების სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის გაუქმების შემდეგ გადაეცა. აღნიშნული ინფორმაცია მინისტრმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს გააცნო.

რეგიონში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც:
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის კავშირს და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ინვესტიციები იდება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში:
თელავში დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა საცურაო აუზით, ასევე უეფას III კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მოწყობა.
თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტები ხორციელდება. თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ითვალისწინებს დახურული აუზის მოწყობას ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.

ამასთან, თელავში უკვე დასრულდა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის პროექტირება, ახალი სავარჯიშო მოედანი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე

გურჯაანსა და წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, რაც რეგიონში ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
ახმეტაში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის პროექტირება დასრულდა, ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი
საფეხბურთო ცენტრში განთავსდება გუნდებისა და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები, ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის

"მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.




























