ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის „თბილღვინოს“ დირექტორი bm.ge-სთან კომპანიის საექსპორტო შედეგებზე საუბრობს. ზურაბ მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიას სიახლეები აქვს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზრებზე. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში „თბილღვინომ“ ონლაინგაყიდვების ერთ-ერთ მსხვილ კომპანიებთან დაიწყო თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ „თბილღვინო“ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და კომპანიის წარმოებაში ექსპორტს 85%-იანი წილი უჭირავს.
„ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზარზე სიახლეები გვაქვს. ორივე ქვეყანაში ონლაინ გაყიდვების ძლიერ კომპანიებთან დავიწყეთ თანამშრომლობა, გერმანიაში ღვინით მოვაჭრე მაღაზიებში პირველი გადატვირთვა განვახორციელეთ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სტაბილურ ბაზრებზე მაღალ ხარისხიანი ქართული ღვინის შესვლის და დამკვიდრების.
რაც შეეხება კომპანიის ექსპორტისა და ადგილობრივი ბაზრის წილებს, ბოლო რამდენიმე წელია ადგილობრივ ბაზარზე მეტი ზრდა გვაქვს პროცენტულად, თუმცა წარმოების დაახლოებით 85%-ზე მეტი ექსპორტს უჭირავს“, - განმარტავს „თბილღვინოს“ დირექტორი.
ზურამ მარგველაშვილი კომპანიისთვის რთველი 2023-ის შედეგებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, „თბილღვინოს“ რთველმა წარმატებით ჩაიარა და კომპანიამ ხარისხიანი ყურძენი მიიღო.
„წელს კახეთში 6000 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ, საიდანაც 1/3-ზე მეტი საკუთარი ვენახებიდან მივიღეთ. სეტყვის გამო, რაოდენობაში შედარებით ნაკლები ყურძენი გვაქვს, მაგრამ ხარისხიანია.
კომპანიამ წელს სავენახე ფართობის მოცულობაც გაზარდა, 405 ჰექტარი გვაქვს და 5 ადგილმდებარეობაზეა გაშენებული. იმისთვის რომ ხარისხიანად და დროში ეფექტურად იქნას დაგვებინავებინა მოსავალი, ყურძნის საკრეფი მანქანა შევიძინეთ“, - ამბობს ის.