“ბარბარეს მარანი” კახეთში, უჯარმაში, 1 ჰა მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის ქარხნისა და ტურისტული ობიექტის მშენებლობას იწყებს - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე ესაუბრა. მისი თქმით, სამშენებლო პროცესი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“2024 წელს უჯარმაში მარნისა და მცირე ქარხნის მშენებლობას დავიწყებთ, სადაც სრულად გადავა ჩვენი წარმოება. ამავე მარანთან იქნება ტურისტული ობიექტი და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 5 კოტეჯი აშენდება.
გვინდა, რომ უჯარმაში, მიწაზე, რომელიც უკვე შევიძინეთ და ვენახის გაშენებაც თითქმის დავასრულეთ, ჩამოყალიბდეს, როგორც პატარა მარანი, თავისი ადგილობრივი წარმოებითა და მცირე ტურისტული ობიექტით, რომელიც რეგიონის ტურიზმში თავის წვლილს შეიტანს”, - განმარტავს ზვიად კორძაძე.
კახეთში “ბარბალეს მარნის” შატოს მშენებლობა BM.GE-ზე ჯერ კიდევ 2022 წელს დაანონსდა. მაშინ კომპანიის დირექტორი აღნიშნავდა, რომ პროექტის დაწყების თარიღი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იყო დამოკიდებული. ზვიად კორძაძე აღნიშნავს, რომ კომპანია გეგმის მიხედვით ვითარდება და ტემპის დაჩქარებას არ ცდილობს.
“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მიწის ყიდვის შემდეგ დაპროექტებასა და ვენახის გაშენებას თავისი დრო დასჭირდა. ჩვენ არ ვართ დიდი ბიზნესი, მცირე მარანი ვართ და არ ვჩქარობთ, განვითარების ამ დონემდე ეტაპობრივად მივდივართ. მომდევნო ორი წელიც სწორედ ეს იქნება პრიორიტეტი”, - განაცხადა “ბარბალეს მარნის” დამფუძნებელმა.
მისი თქმით, ახალი მარნისა და ტურისტული ობიექტის საინვესტიციო მოცულობა ამჟამად ₾500 000-ს აღწევს, თუმცა არსებობს შანსი, რომ ის მომავალში დაკორექტირდეს.