საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქვეყანაში კვლავ დაუმუშავებელია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კახეთის რეგიონში. მემარცვლე ფერმერებმა წინა წლის მოსავალი ვერ გაყიდეს. ისინი bm.ge-სთან ამბობენ, რომ მოთხოვნა არ არის, მიზეზი კი რუსეთიდან შემოსული იაფი მარცვლეულია, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. გასული წლიდან მოყოლებული ფერმერებს საქონლის რეალიზების პრობლემები აქვთ, რის გამოც ფინანსური სახსრების გარეშე დარჩენილმა ფერმერებმა მიწა ვერ დაამუშავეს. პრობლემაა დამუშავებულ ნაკვეთებში აგროღონისძიებების ჩატარებაც.
„საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ის ტემპი არ არის, რაც უნდა იყოს, რადგან ფერმერებს ძველი მოსავალი აქვთ გასაყიდი. მოთხოვნაც და ფასიც ზოგადად გაზაფხულზე მატულობს ხოლმე, მაგრამ წელს პირიქით მოხდა, როგორც შარშან. მაგალითად, ერთი თვის წინ 55-57 თეთრის ფარგლებში იყო ხორბლის ფასი, რაც უკვე ჩამოვიდა 50 თეთრზე. ფასთან ერთად შემცირებულია მოთხოვნაც, რის გამოც მარაგები არ მცირდება.
გაუსაძლისი მდგომარეობაა. შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდეთ რეგიონებში რა ვითარებაა. განსაკუთრებით კახეთში, ქიზიყში, რადგან დიდი მარაგი გაუყიდავი რჩება, რაც საგაზაფხულო სამუშაოებს უშლის ხელს. მიწის ნაკვეთები დაუმუშავებელი დარჩა, ფერმერები სესხებს ვერ ფარავენ... მარცვლეული თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება. ფერმერები დახმარებას ვითხოვთ, რომ ამას ყურადღება მიექცეს, თორემ სამწუხაროდ, უკან მიდის ეს დარგი“, - აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.
ასობით ჰექტარი დაუმუშავებელია როგორც ლაგოდეხის, ისე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ფერმერების თქმით, პრობლემაა აგროქიმიკატების შეძენაც. როგორც ირკვევა, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა აქვთ ფერმერებს დასავლეთ საქართველოშიც.
„ახალი ფართობებზე ლაგოდეხის ითესებოდა 6 ათას ჰექტარამდე ხორბალი, ჩემი ინფორმაციით, დათესილია 700 ჰექტარამდე. სასუქი ძვირია, საწვავი ძვირია, მომსახურება ძვირია და თვითონ ნედლეულს ფასი არ აქვს.
მთავრობა უნდა დაგვდგომოდა გვერდით ან სუბსიდირებით ან გადასახადების გაზრდით, რომ ჩვენი პროდუქცია გაგვეყიდა და ისევ დაგვეთესა“, - აცხადებს ფერმერი ზურაბ ხიზანიშვილი.
"დედოფლისწყაროში ნაკვეთები დათესილი არის, მაგრამ სადღაც 5-6 ათას ჰა ფართობზე საერთოდ ხელი არ არის დაკარებული. იმის გამო, რომ ხორბალს, ქერს დაბალი ფასი ჰქონდა ფერმერები სასუქის დეფიციტს განიცდიან, ამ ეტაპისთვის სასუქის პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი.
ფერმერების თითქმის 80%-ს საბანკო ვალდებულებები აქვს. აქედან გამომდინარე ვეღარ ახერხებენ, რომ თანხები სასუქისთვის გამოყონ და ცდილობენ ფოთლოვანი კვებით გავიდნენ ფონს... არ იციან რა ელით წინ, რა ფასები იქნება....
დასავლეთშიც იგივე სიტუაციაა, იქ უკვე სიმინდთან დაკავშირებით. არსებობს დიდი მარაგები, რომელსაც ფერმერები ვერ ყიდიან. რომ გაყიდონ, ძალიან დაბალი ფასია და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ხანი შეინახონ. იქაც იგივე სიტუაციაა ბანკებთან დაკავშირებით, ყველას თითქმის ბანკთან აქვს კავშირი და მათაც იგივე პრობლემები აქვთ როგორც კახეთის ფერმერებს“, - აცხადებს ფერმერი, აგრონომი ბაჩო ჩხიკვიშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში.
მემარცვლე ფერმერების პრობლემას კარგად იცნობენ ფერმერთა ასოციაციაშიც. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, წელს საკმაოდ რთული ვითარებაა. ფართობების ნაწილი ვერ დამუშავდა, პრობლემაა დამუშავებულ ფართობებში აგროღონისძიებების გატარებაც. დარგობრივი ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან იმპორტზე დროებითი გადასახადის, კვოტების ან სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება.
„გიდასტურებთ, რომ წელს რთული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რთული იყო გასაღება იმ ფასში, რაც ფერმერს საშუალებას მისცემს, რომ დაფაროს ხარჯი და ამასთან იფიქროს მომავალზე, განვითარებაზე.
ბევრია ამ მხრივ სამუშაო, მათ შორის ეს შეიძლება იყოს გადასახადების გაზრდა გარკვეული სეზონური პერიოდით, შეიძლება ეს იყოს კვოტების დაწესება, შეიძლება ეს იყოს სუბსიდირება იმისათვის, რომ ქართველმა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი პროდუქციის გასაღება.
რა თქმა უნდა კონკურენცია მნიშვნელოვანია, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რაც რეგიონში ბოლო წლებში ხდება, შემოდის საკმაოდ იაფად პროდუქცია, რაც ფაქტობრივად ქართველ ფერმერს საშუალებას არ აძლევს, რომ ჯანსაღ კონკურენციაში შევიდეს“, - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი ქერზე, ქატოსა და ფქვილზე სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა როგორც მემარცვლე ფერმერები ამბობენ, ეს მხოლოდ წისქვილკომბინატების ხელშესაწყობად კეთდება, დაღერღილი მარცვლეული კი ქვეყანაში კვლავ ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით შემოდის. ამ პირობებში კი ქვეყანაში მცირდება მოსავლიანობა, მიწების ნაწილი კი იყიდება.