მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი ფერმერი მიწას ყიდის“ - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

მიწა

ქართველი ფერმერები მარცვლეულს ისევ ვერ ყიდიან. მათი თქმით, მოთხოვნა არ არის, მიზეზი კი რუსეთიდან შემოსული იაფი მარცვლეულია, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. ფინანსური სახსრების გარეშე დარჩენილმა ფერმერებმა კი მიწა ვერ დაამუშავეს. პრობლემაა დამუშავებულ ნაკვეთებში აგროღონისძიებების ჩატარებაც.

„საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ არ არის ის ტემპი, რაც უნდა იყოს, რადგან ფერმერებს ძველი მოსავალი გასაყიდი აქვთ. ზოგადად გაზაფხულზე მოთხოვნა და ფასი მატულობს ხოლმე, მაგრამ წელს პირიქით მოხდა, ისევე, როგორც გასულ წელს. მაგალითად, ერთი თვის წინ ხორბლის ფასი 55-57 თეთრის ფარგლებში იყო, დღეს უკვე 50 თეთრზე ჩამოვარდა. ფასთან ერთად მოთხოვნაც შემცირებულია, რაც მარაგების შეუმცირებლობას იწვევს, რაც ასევე აისახება საგაზაფხულო სამუშაოებზეც.

იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსეთს მარცვლეულის სათანადო მოცულობა ვერ გააქვს, რაც ყველანაირ ფასად შემოდის. კი, გაგრძელდა ქატოს, ქერის და ფქვილის საიმპორტო გადასახადი, მაგრამ ეს არ არის სათანადო [მექანიზმი], რომ ფერმერზე აისახოს. ეს არის წისქვილებისთვის, რომ გააგრძელონ მუშაობა. ისინი ფერმერებისგან მცირე მოცულობებს ყიდულობენ, ანუ, ფაქტობრივად, არ ყიდულობენ და მთლიანად რუსულზე არიან გადასული. ამას დაემატა ის, რომ დაღერღილი მარცვლეული ისევ შემოდის დიდი რაოდენობით, რამაც დიდი კონკურენცია გაუწია ადგილობრივ მარცვლეულს, რადგან ის მოსაკრებელი, რაც ისედაც შეამცირა რუსეთმა მთლიან მარცვლეულზე, დაღერღილზე და ფქვილზე არის მოხსნილი და აქედან გამომდინარე, უფრო გაიაფებულია. დაღერღილი კი ადგილობრივს კონკურენციას უწევს.

გაუსაძლისი მდგომარეობაა. შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდეთ რეგიონებში რა მდგომარეობაა, განსაკუთრებით კახეთში, ქიზიყში, რადგან დიდი მარაგი ისევ გაუყიდავია, რაც ხელს უშლის საგაზაფხულო სამუშაოებს. ფართობები დარჩა დაუმუშავებელი“, - აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი თქმით, ფერმერები დახმარებას ითხოვენ. ასევე, გარდა იმისა, რომ ფართობები დაუმუშავებელი დარჩა, ფერმერები გამსხვილების ნაცვლად მიწის ნაკვეთებს ყიდიან.

„არ ვითხოვთ [იმპორტის] ჩაკეტვას. ვამბობთ, რომ სათანადო ფასით მოხდეს დაბეგვრა. თანხაც შევა ბიუჯეტში და ფერმერიც გადარჩება.

საწვავი, სასუქი, პესტიციდები, ყველაფერი გაძვირებულია. ვერ ხდება ფართობების სათანადო მოვლა, აგროვადებში დამუშავება, რაც სამომავლოდ მოსავალზე აისახება, ეს წელს უკვე გამოჩნდება. თუ ასე გაგრძელდა, ფართობებიც შემცირდება და მოსავლიანობაც.

ყველაზე დიდი საფრთხეა მიწების გაყიდვა. გამსხვილების ნაცვლად ბევრი ფერმერი მიწას ყიდის “,-აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

კახეთში ფერმერებმა მარცვლეული აღარ დათესეს... ასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩა - ფერმერები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები