მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, შტაბის შექმნა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერები და სხვა დაინტერესებული მხარეები, ერთობლივად იმუშავებენ.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ BMG-ისტან განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების შესახებ სამინისტრო ინფორმირებულია და მას იმედი აქვს, რომ დარგისთვის პრობლემატური საკითხები ერთობლივი მუშაობით გადაიჭრება.
„ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ დაპირება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნება შტაბი. როგორცაა ყურძნის შტაბი, რომელი ფერმერი კრეფს, რომელ ქარხანაში მიდის, ვინ ყიდულობს... ასეთი რეესტრი გაკეთდება. იქნება სამინისტრო, ჩვენი ასოციაცია, წისქვილებიც იქნებიან ჩართული, საწარმოები, რომლებიც კომბინირებულ საკვებს ამზადებენ, ალბათ, მეფრინველეობის ასოციაციაც. დაპირება არის და რეალურად რა იქნება, პროცესი გვაჩვენებს. ასევე იცით, რომ 250-ლარიანი საიმპორტო გადასახადია ფქვილზე, 100-100 ლარი ქერსა და ქატოზე. საუბარია, რომ თუ იქნება კიდევ საჭირო, შეიძლება გაიზარდოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისივე თქმით, ეს წელი მნიშვნელოვანია, რადგან თუ ფერმერები მოსავლის მინიმუმ თვითღირებულებით, 70 თეთრად, გაყიდვას ვერ შეძლებენ, სამომავლოდ, ნათესი ფართობები კიდევ უფრო შემცირდება.
„ორი წელია ვალი ვალზე ედება ფერმერს და წელსაც თუ ვერ გაიყიდა თვითღირებულებაში მაინც, გასულ შემოდგომაზე ნაკლები ფართობი დაითესა და შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები დაითესა. თუ ადამიანმა სასუქი ვერ გაისტუმრა, თესლის ვალი დაედო, სესხი ვერ გადაიხადა, იქ სხვა მოვლა სჭირდება, საწვავი, ყველაფერი გაძვირებულია... ჩადებული გვაქვს სახლი, ფერმები, მიწები... ეს წელია ჩვენი გადარჩენის - ან უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა ან გავჩერდეთ“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო - რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს?