კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონში უკვე 182.2 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რომლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალზე მოდის. უხარისხო და მკვახე ყურძნის წილი კი მხოლოდ 1%-ია.
უწყების ცნობით, გადამუშავებულ ყურძენში ყველაზე დიდი წილი საფერავს აქვს - 92.1 ათასი ტონა. რქაწითელის რაოდენობა 77.4 ათას ტონას აღწევს, დარჩენილი მოცულობა კი სხვა ჯიშებზე მოდის. მოსავალი უკვე 13 200-მდე მევენახემ ჩააბარა. ამ ეტაპზე კახეთში დღე-ღამეში 13-14 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება.
რთველის შეუფერხებლად ჩატარებისა და მოსავლის სრულად ჩაბარების მიზნით, სახელმწიფო ჭარბი მოსავლის შემთხვევაშიც ყველა მევენახის მოსავლის მიღებას გეგმავს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს ფიზიკური პირებისგან კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 22 ლოკაციაზე იბარებს.
ჩაბარების ფასი ყურძნის ჯიშსა და შაქრიანობაზეა დამოკიდებული. საფერავის შემთხვევაში, 20% და მეტი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1.50 ლარია, 16-დან 20%-მდე - 1 ლარი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი. რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების 19% და მეტი შაქრიანობის ყურძენს სახელმწიფო 1.30 ლარად იბარებს, 16-დან 19%-მდე შაქრიანობისას ფასი 90 თეთრია, ხოლო 16%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 50 თეთრი.
აღსანიშნავია, რომ კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანში მოქმედი რთველის საკოორდინაციო შტაბი მართავს.
შეგახსენებთ, სექტემბერში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები აქციას მართავდნენ. 22 სექტემბერს, ნაშუადღევს, პროტესტის მეორე დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიდოდა. ასევე, დაიწია ხარისხის მაჩვენებლის მოთხოვნამაც.






















