სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში, მცხეთასა და თბილისში რამდენიმე ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა.
სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში გამოვლინდა ფიზიკური პირის, გ. მ.-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. ინსპექტირებისას ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობებიც დაფიქსირდა. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობისთვის მცირე მეწარმე ვ. ა. დაჯარიმდა.
დარღვევები გამოვლინდა მცხეთაშიც. სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, გამსახურდიას ქუჩის N23-ში მდებარე მარკეტ „მაშ 2025“-ში რეალიზაციისთვის განთავსებული ვადაგასული სურსათი აღმოაჩინეს. ამასთან, ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
თბილისში კი კრიტიკული შეუსაბამობები მარჯანიშვილის ქუჩის N16-ში მდებარე, ინდივიდუალური მეწარმე ლ.ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, ობიექტზე დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის ეტიკეტირების წესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ობიექტებს კი საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
























