მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ბიზნესფორუმი გაიმართება

she means business

30 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბიზნეს ფორუმი She Means Business გაიმართება. ფორუმის დეტალებზე კომპანია Fireflies დამფუძნებელმა და ფორუმის ორგანიზატორმა ანი მიხანაშვილი „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

„ბიზნეს ფორუმი კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების კომპლექსური პროგრამის, She Means Business-ის ფარგლებში იმართება და მასზე დასწრება კახეთში მცხოვრებ მეწარმე, მეწარმეობის მსურველ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ ქალებს შეუძლიათ. ფორუმზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მულტისექტორულ თანამშრომლობაზე, ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაზე ისაუბრებენ და წარმატებულI ბიზნესლიდერი ქალები დამსწრეებს თავიანთი წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ”, - განაცხადა ანი მიხანაშვილმა.

პროექტი She Means Business რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მიზანი რეგიონში მცხოვრები მეწარმე და მეწარმეობის მსურველი ქალების დახმარება და ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის მრავალფეროვანი რესურსებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზების გზით აპირებს.

“კახეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი აქტიური რეგიონია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ გენდერულად არც ისე დაბალანსებულია ეკონომიკური აქტივობა. ბიზნესი კახეთში რაღაც კონკრეტულ მიჯნაზეა მისული, რომელიც ორგანიზაციად გაშლას და ჩამოყალიბებას საჭიროებს, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ უზარმაზარი პოტენციალი არის ამ რეგიონში ასათვისებელი. თუ ამ საკითზე თანმიმდევრულად ვიმუშავებთ და ყველა რესურსს გამოვიყენებთ, შედეგი აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა ანი მიხანაშვილმა.

პროექტი She Means Business-ის ფორუმის შემდეგი ეტაპი ტრენინგების კომპონენტია, უკვე შექმნილია პროგრამა რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროექტის She Means Business-ის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფორუმის პარტნიორთა და მხარდამჭერთა სიაში არიან ასევე თელავის ქალთა ოთახი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტო, UN Women, Mercy Corps და სხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. She Means Business-ის მედია პარტნიორია BMG.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები