კახეთში რთველი დაიწყო - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყება წერს, რომ ამ დროისთვის რეგიონში 2.7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის აღების პროცესი მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ყურძენი ჩააბაროს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
როგორ განისაზღვრება ყურძნის ფასები:
საფერავი:
- კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი;
- არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) - 0.90 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული - 0.30 ლარი.
სხვა ჯიშები:
- დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) - 1.30 ლარი;
- შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე - 0.80 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი - 0.30 ლარი.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ყურძნის ჩაბარების პროცესის კოორდინაციას განაგრძობს. რთველთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
























