მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ წელს 30 ათასი ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს

ჩურჩხელა

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ წელს 30 ათასი ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, მარიამ ქევხიშვილმა განაცხადა.

„ბადაგის მოგროვება უკვე დაწყებულია და ჩვენი გათვლებით შარშანდელთან შედარებით წელს ჩურჩხელას გაზრდილი რაოდენობით ვაწარმოებთ, დაახლოებით 30 ათას ერთეულს,“ - აღნიშნა მარიამ ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, ბადაგის დასამზადებლად მხოლოდ საკუთარი ვენახის ყურძენს იყენებს. ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ამუშავებენ, რაც ყურძნის და შესაბამისად, ბადაგის ხარისხზე აისახება.

"„კახური ტრადიციული ჩურჩხელის“ ბადაგი სრულიად ნატურალურია, შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშე დადუღებული.

შესაბამისად, ჩვენი ჩურჩხელა, სეზონის მიხედვით ხანდახან ნაკლებად ტკბილია, რაც ნატურალურობის არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია. ამას მხოლოდ ნამდვილი მოყვარულები ამჩნევენ ხოლმე. ჩურჩხელის ნატურალურობის კიდევ ერთი ნიშანი მისი სირბილეა. ჩურჩხელა კარგად გამომშრალიც კი, აუცილებლად რბილი უნდა იყოს და იოლად ტყდებოდეს. სხვა შემთხვევაში შაქარსა და წყალზე დამზადებულ ნუგბართან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს მარიამ ქევხიშვილი.

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 5 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს. ესენია: ნიგვზის და თხილის ჩურჩხელა, აქ ყურძნის წვენის შემცველობა არის სხვადასხვა. შარშან, სატესტოდ ნუშის ჩურჩხელაც დაამზადეს. ჩურჩხელის ფასი საშუალოდ 3-4 ლარია.

„ვცდილობთ ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა რთულად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს „კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას” განსაკუთრებულად,“ - აცხადებს მარიამ ქევხიშვილი.

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 2017 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები