მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაკლოვანი კულტურების მოხმარება 4-6%-ით მზარდია, გამოწვევაა ნედლეულის ნაკლებობა - ასოციაცია

ნუში და კაკალი

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე ლათათიას განცხადებით, საქართველოში კაკლოვანი კულტურების მოხმარება წლიდან წლამდე 4-6%-ით იზრდება. როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას აღნიშნა, კაკლოვანი კულტურები უფრო და უფრო ტრენდულიც ხდება, რასაც პირველადი წარმოება ვერ ეწევა.

ლათათიამ თხილის ინდუსტრიაში ძირითად გამოწვევად კაკლოვნების საწარმოების კონკურენცია დაასახელა ნედლეულის ნაკლებობის გამო.

„თხილის ინდუსტრიაში ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ კონკურენცია უფრო საწარმოების ნაწილშია, როცა ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში ნედლეულისთვის შედიან. იგივე ხდება ნუშის სექტორშიც, როცა საწარმოო სიმძლავრეები ბევრად აღემატება ნედლეულს, რომელიც იწარმოება პირველად წარმოებაში.

ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანი ხედავს შესაძლებლობებს, ცდილობენ, რომ პირველები იყვნენ, ფინანსური ინსტიტუტებიც საწყის ეტაპზე, ალბათ, მიყვებიან ინდივიდებს ინვესტიციაში, შესაბამისად, როცა ინვესტორი დაინახავს შესაძლებლობას გადამუშავებაში, იწყებს საწარმოს მშენებლობას და ერთმანეთის პარალელურად, მიმდინარეობს 6-7 საწარმოს მშენებლობა, რომლებიც მერე უკვე ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში“, - აღნიშნა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

ლათათია ამბობს, რომ ამ ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ:

„ვფიქრობ, ალბათ ამისი ძირითადი მარეგულირებელი უნდა იყოს ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ აფინანსებენ პროექტებს და რეალურად უნდა ხედავდნენ ამ საწარმოების საჭიროებებს, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, პროდუქტის გაყიდვა არ არის პრობლემა, პირიქით, მუდმივ დეფიციტშია და საშუალოდ 4-6%-იანი ზრდა აქვს კაკლოვანი კულტურების მოხმარებას წლიდან წლამდე - უფრო და უფრო ტრენდული ხდება, რასაც პირველადი წარმოება ვერ ეწევა. ჩვენ შემთხვევაში, ალბათ, ეგ უნდა დაარეგულიროს უფრო ფინანსურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ასევე პარტნიორები არიან ნებისმიერ მსგავს პროექტში, სადაც თანხას დებენ. შემდეგ უკვე წარმოებაში შექმნილი დეფიციტი რისკს უქმნის როგორც ინვესტორს, ასევე ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ამ ბიზნესში შედის“, - განმარტა თორნიკე ლათათიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები